ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 17 თებერვალს თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს “პროგრესს“ ორმხრივ ურთიერთობებში.
 
18 თებერვალს სერგეი ლავროვი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
 
სომხეთიდან საქართველოში გამომგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს იგი კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლებას.
 
“ჩვენ საქართველოში კონკრეტული წინადადებით ჩავდივართ ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, ასევე იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც ორივე მხარემ [რუსეთმა და საქართველომ] იკისრეს რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების თაობაზე. ასევე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ერთობლივი [რუსულ-ქართული] ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე“, განუცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს 17 თებერვალს.
 
“მე წავიკითხე ჩემი [ქართველი] კოლეგის [სალომე ზურაბიშვილის] ინტერვიუ … მას ასევე აქვს ორი, თუ სამი კონკრეტული წინადადება, რომლებიც, მისი აზრით, გარკვეულწილად დაგვეხმარება შეთანხმების მიღწევაში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება დაგეგმილ მოლაპარაკებებს“, დასძინა ლავროვმა.
 
მას მხედველობაში ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომელიც რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა“ 17 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის ვიზიტის წინ თბილისის პოზიცია გაახმოვანა.
 
“იგი [პოზიცია] შეიცავს რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელთა განხილვაც მომდევნო სამი თვის განმავლობაშის შესაძლებელი. მაისში კი ჩვენი პრეზიდენტი შესაძლოა  [მეორე მსოფლიო ომში] გამარჯვების 60 წლის აღსანიშნავად მოსკოვში ჩასულიყო და მოეწერა ხელი ჩარჩო ხელშეკრულებისთვის… ამგვარად, პესიმისტური განწყობა ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე არ მაქვს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეეცადა აეხსნა თბილისის უარი შეიტანოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ის დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოში.
 
“სამხედრო ბაზების საკითხი მე-20 საუკუნის პოლიტიკას ეკუთვნის, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ამ საკითხის შეტანა ჩარჩო ხელშეკრულებაში იგივე იქნებოდა, რაც უთანაბრო ურთიერთობების სიმბოლიზება – ანალოგიური იმისა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის საბჭოთა პერიოდში არსებობდა. ამ საკითხის შეტანა ახალ ჩარჩო ხელშეკრულებაში იმიტომ არ გვინდა, რომ [შეტანის შემთხვევაში] აღმოჩნდება, რომ რუსეთი, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო, კვლავ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების დამყარებას თანასწორუფლებიან პირობებში“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
“მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, საქართველოს არ სურს უცხოური სამხედრო ბაზების განლაგება თავის ტერიტორიაზე. მაგრამ, ეს არის საქართველოს კეთილი ნება და არა სხვა ქვეყნის მიერ თავს მოხვეული პოზიცია“, დასძინა მან.    
 
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამო დასდო ბრალი, თუმცა აქვე დასძინა, რომ მას რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების “პესიმისტური პროგნოზები“ არ აქვს.
 
“ამჟამად, ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რადგანაც არ არსებობს პროგრესი ექსპერტთა დონეზე გამართულ დიალოგში“, განაცხადა ზურაბიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა ცოტა ხნის წინ თბილისში გამართული მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო ბაზების თაობაზე.   
 
ზურაბიშვილის თქმით, საქართველო “რთულ სიტუაციაში“ იმყოფება, რადგანაც თბილისს “ვერ გაუგია რას მოითხოვს რუსეთი“ მისგან.
 
“ვერ გაგვიგია, რატომ გვემუქრება რუსეთის თავდაცვის მინისტრი [სერგეი ივანოვი] საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე პრევენციული დარტყმებით ტერორისტულ ბაზებზე, რომლებიც თითქოსდა საქართველოში არსებობს… სახეზეა რუსეთის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. ერთის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის მტკივნეული საკითხების განსახილველად და მეორეს მხრივ, თავდაცვის მინისტრი, ფაქტიურად, პირდაპირ გვემუქრება პრევენციული დარტყმებით“,  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მისი თქმით, საქართველომ “სულ ცოტა სამი საჯარო ჟესტი გააკეთა“ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
 
“სწორედ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც მეგობრობის ხელი გაუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მეორე, საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის; შედეგად, მათ შეუძლიათ ვიზები პირდაპირ საზღვარზე მიიღონ. მესამე, საქართველომ პრივატიზაციის პროცესში რუსულ კომპანიებს ხელსაყრელი პირობები შესთავაზა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button