ახალი ამბები

ზურაბიშვილი რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულების მიუღებელ დებულებაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისი უარს აცხადებს შეიტანოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ის დებულება, რომელიც კრძალავს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოში,  რადგანაც ეს იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის “არათანაბარი ურთიერთობების“ გამოხატულება.


“სამხედრო ბაზების საკითხი მე-20 საუკუნის პოლიტიკას ეკუთვნის, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ამ საკითხის შეტანა ჩარჩო ხელშეკრულებაში იგივე იქნებოდა, რაც უთანაბრო ურთიერთობების სიმბოლიზება – ანალოგიური იმისა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის საბჭოთა პერიოდში არსებობდა. ამ საკითხის შეტანა ახალ ჩარჩო ხელშეკრულებაში იმიტომ არ გვინდა, რომ [შეტანის შემთხვევაში] აღმოჩნდება, რომ რუსეთი, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო, კვლავ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების დამყარებას თანასწორუფლებიან პირობებში“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


“მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, საქართველოს არ სურს უცხოური სამხედრო ბაზების განლაგება თავის ტერიტორიაზე. მაგრამ, ეს არის საქართველოს კეთილი ნება და არა სხვა ქვეყნის მიერ თავს მოხვეული პოზიცია“, დასძინა მან.    

მსგავსი/Related

Back to top button