
ახალი ამბები
მოსკოვი საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებით ტენდენციებზე მიუთითებს
საქართველოში რუსეთის საელჩოს მიერ 11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ “ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებითი ტენდენციები შეინიშნება“.
“ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2004 წელს 300 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია; [2005 წლის] იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ “კავკაზს” შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის აღდგენის თაობაზე; ასევე მოეწერა ხელი რამოდენიმე საპრივატიზაციო გარიგებას“, ნათქვამია განცხადებაში.
იანვარში რუსულმა კომპანიამ “ევრაზჰოლდინგმა“ 132 მილიონ დოლარად “ჭიათურმანგანუმი“ და ვარციხის ჰიდრო ელექტროსადგური შეისყიდა.
იმავე თვეში რუსეთის სახელმწიფო ბანკმა “ვნეშტორგბანკმა“ საქართველოს გაერთიანებული ბანკის აქციების 51% შეისყიდა, თუმცა ფასი უცნობია.