
საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ 10 თებერვალს გამართული მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
“ჩვენი მხრიდან კომპრომისებზე მზადყოფნის მიუხედავად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული”, განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ და აქვე დასძინა, “ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი არგუმენტებით, ჩვენ საერთოდ შევძლოთ წარმატების მიღწევა“.
მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმ დებულებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას კრძალავს და რომლის ხელშეკრულებაში ასახვასაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს. საქართველო საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს უცხოური სამხედრო ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას, თუმცა უარს ამბობს ამ დებულების ხელშეკრულებაში ჩადებაზე.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მე-9 რაუნდი გაიმართება, სადაც განხილული იქნება საქართველოდან ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხები.