ახალი ამბები

ახალი მთავრობის ფორმირებასთან ერთად სააკაშვილი ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებას ჰპირდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, თუმცა ბურჯანაძემ პარლამენტში დარჩენა ამჯობინა. სააკაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ნინო ბურჯანაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის წინააღმდეგია. ოფიციალურმა პირებმა 9 თებერვალს ასევე დაადასტურეს იმ სამთავრობო ცვლილებების ზოგიერთი დეტალები, რომლებსაც ახალი პრემიერ-მინისტრი განახორციელებს.
 
“თავდაპირველად ნინო ბურჯანაძეს შევთავაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. თუმცა მან უარი განაცხადა. ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო მან [ბურჯანაძემ] საჭიროდ  ჩათვალა პარლამენტში დარჩენა და სიმართლე რომ გითხრათ, მეც ასე ვთვლი, მაგრამ ჩემი მოვალეობა იყო მისთვის პრემიერობა შემეთავაზებინა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ დასახელდა ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა.
 
მისი თქმით, იყო საწინააღმდეგო და მომხრე აზრები ნოღაიდელის კანდიდატურასთან დაკავშირებით. “ჩვენთვის მთავარია სამთავრობო კურსის მთლიანობის უცვლელობა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე შეირჩა სწორი კანდიდატურა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრაზე.
 
“საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა. არც ერთი წუთითაც არ ყოფილა წყვეტა … ჩვენი კურსი ძირითადად უცვლელი დარჩება, თუმცა იქნება გარკვეული კორექტივები“,  დასძინა პრეზიდენტმა.
 
“მე მახასიათებს კრიზისის დროს მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ სწორი ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიიღება მხოლოდ კონსულტაციების შედეგად“, აცხადებს პრეზიდენტი.
 
მისი თქმით, ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტის და პარლამენტის წინაშე. “პარლამენტის მიერ არჩეული პიროვნება  პარლამენტის მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს“, დასძენს პრეზიდენტი.
 
9 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ნოღაიდელის წარდგენა მისთვის “მოულოდნელი“ იყო. ბურჯანაძის თქმით, იგი ნოღაიდელის კანდიდატურის წინააღმდეგ იყო, თუმცა ახლა მზად არის მხარი დაუჭიროს მას. მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციების დროს სხვა კანდიდატურა იხილებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.  თუმცა, ამ “სხვა კანდიდატურის” დასახელებისგან მან თავი შეიკავა.   


“მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერი დავით გამყრელიძე იყო პირველი, ვინც განაცხადა, რომ ბურჯანაძე და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რუსეთში საქართელოს ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილი დასახელებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრებმა აიძულეს ზურაბ ნოღაიდელი დაესახელებინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
 
“მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტსა და ბურჯანაძეს შორის ვალერი ჩეჩელაშვილის კანდიდატურა იყო შეთანხმებული, თუმცა ყოფილი “გაერთიანებული დემოკრატების” მხრიდან შანტაჟის შემდეგ, პრეზიდენტი იძულებული გახდა ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურას დათანხმებოდა”, განაცხადა დავით გამყრელიძემ.
 
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურას. თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ნოღაიდელს “მოუწევს უარი თქვას იმ სიხისტეზე, რომელიც მას ახასიათებს“.
 
ნინო ბურჯანაძის თქმით, ნოღაიდელის პიროვნული თვისებები, როგორიცაა სიხისტე და არაკომუნიკაბელურობა, ხელს შეუშლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისას.   
 
ამავდროულად, მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, კერძოდ საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა დაადასტურეს ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე.  ბოლო რვა თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე სამთავრობო ცვლილებები იქნება. 
 
კერძოდ, საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ზურაბ ნოღაიდელს შეცვლის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. კოტე კემულარია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი გახდება, შეცვლის რა გიორგი პაპუაშვილს ამ თანამდებობაზე; ეს უკანასკნელი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება საქართველოს ახალი ელჩი რუსეთში.
 
 

მსგავსი/Related

Back to top button