აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჟვანიას უცნაურ გარდაცვალებას გამოიძიებს
საკონსტიტუციო ცვლილებები გამოირიცხა
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სავარაუდოდ 8 ან 9 თებერვალს დაასახელებს. ამავდროულად, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები ჟვანიას უცნაურ გარდაცვალებასთან დაკავშირებული ეჭვების უარყოფას გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვით ცდილობენ. ფედერალური ბიუროს ექსპერტები უკვე თბილისში იმყოფებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 7 თებერვალს საღამოს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტს ჰყავს რამოდენიმე “ძალიან საინტერესო“ კანდიდატურა.
“[პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი] უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება პრეზიდენტისთვის, პარლამენტისთვის და საზოგადოებისთვის”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ უარყო ხმები იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტმა მას შესთავაზა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ქართულ პრესაში ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატურად დასახელდა.
ასევე დასახელდნენ სხვა შესაძლო კანდიდატებიც: სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჟვანიას უახლოესი მეგობარი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. თუმცა, არც ერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტმა ასევე წარმოშვა ვარაუდები, რომ პრეზიდენტი წარადგენს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ან პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების შემცირებას ან ამ თანამდებობის საერთოდ გაუქმებას შეეხება.
თუმცა, ნინო ბურჯანაძემ უარყო ეს ინფორმაცია. 7 თებერვალს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული კონსტიტუცია “გარდამავალია“, ამჟამად საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მან აქვე დასძინა, რომ “კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა“.
დამკვირვებელთა თქმით, პარლამენტის მიერ 2004 წლის 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის ძალაუფლების გაყოფის შედეგი იყო. ეს ცვლილებები ძირითადად ამ ორი პიროვნებისთვის და გარკვეულწილად ნინო ბურჯანაძისთვისაც, შემუშავდა.
გარდაცვალების მოტივი ეჭვქვეშ დგას
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეჭვქვეშ აყენებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომელსაც “უბედური შემთხვევის” კვალიფიკაცია მიეცა.
გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ჯანაშიას ინფორმაციით, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და გორის ტერაქტის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან, უკვე თბილისში იმყოფებიან.
ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვის თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა სააგენტო Associated Press -ს განუცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჯგუფი საქართველოში ჩამოვა, რათა ქართველ სამართალდამცავებს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებისა და გორში მომხდარი აფეთქების გამოიძიებაში დახმარება აღმოუჩინოს. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ “ჩვენ ვერ ვუკავშირებთ ამ ორ შემთხვევას ერთმანეთს”. მაილსმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის არაა ცნობილი რაიმე სამხილის თაობაზე, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ იყო.
თუმცა, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად 3 თებერვალს გარდაცვლილი რაულ უსუფოვის ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ინფორმაციას ორივე პიროვნების გარდაცვალების მოტივთან დაკავშირებით.
რაულ უსუფოვის მამას, იაშირ უსუფოვს ეეჭვება, რომ მისი შვილი იმ ბინაში
გარდაიცვალა, სადაც გვამები იპოვეს. მან უარყო ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისმა შვილმა იქირავა ბინა და დასძინა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ამის თაობაზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები იპოვეს, რაულ უსუფოვმა რამდენიმე თვის წინ იქირავა. ეს უკანასკნელი სულ მალე ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე უნდა გამხდარიყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე პიროვნება არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.
8 თებერვალს გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ საოცარია, როცა ყველა ოფიციალურ წარმომადგენელს, მათ შორის ჟვანიას უახლოეს მოკავშირეებს, ბრმად სჯერათ, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, განსაკუთრებით კი გარდაცვალების მოტივებთან დაკავშირებით პოლიციისა და ოფიციალურ პირთა ინფორმაციაში დაშვებული აშკარა უზუსტობების ფონზე. გაზეთი ვარაუდობს, რომ ჟვანიას გარდაცვალებისთვის “უბედური შემთხვევის“ კვალიფიკაციის მინიჭებით, ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია და დაძაბულობა ქვეყანაში.
ამავდროულად, ოფიციალური წარმომადგენლები უარს ამბობენ იმ პიროვნების დასახელებაზე, ვისაც ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს ღამის 1:20 საათზე ესაუბრა. ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, საქართველოს ელჩი აშშ-ში ლევან მიქელაძე იყო უკანასკნელი, ვისაც ჟვანია მობილური ტელეფონით ესაუბრა. სამართალდამცავები ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავს იკავებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)