ახალი ამბები

აფხაზეთის საკითხი სამხრეთ ოსეთის სამშვოდობო გეგმამ დაჩრდილა

შარშან დეკემბერში, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალ მთავრობას და სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეემუშავებინათ სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტის მოგვარების გეგმა, აფხაზეთის სამშვიდობო წინადადებებზე მუშაობამ გარკვეულწილად გადაფარა სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მუშაობის პროცესი.
 
თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ თბილისმა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული წინადადებები წარადგინა, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროექტი კვლავაც დაუმთავრებელია. უფრო მეტიც, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა რადიკალურად შეიცვალეს პოზიცია აფხაზეთის მიმართ, რომელიც ბოლო დროს საგრძნობლად გამკაცრდა.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მოულოდნელად განაცხადა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია, რადგანაც “აფხაზურმა მხარემ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა“. მან იმ ფაქტზე მიანიშნა, რომ ასიათასობით ქართველი იძულებული გახდა 1992-93 წლების კონფლიქტის დროს აფხაზეთი დაეტოვებინა. 
 
კიდევ უფრო რადიკალური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, როდესაც მან აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების აღდგენა “ქართველთა ეთნიკური წმენდის“ აღიარებას დაუკავშირა. 
 
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღიარონ ტრაგიკული ფაქტი, რომ 1993 წელს აფხაზეთში ქართველთა ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი; ასიათასობით ქართველი თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს“, განაცხადა ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 27 იანვარს.
 
ზოგიერთ პოლიტიკურ მიმოხილველს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აფხაზეთის მიმართ პოზიციის გამკაცრების თაობაზე ძირითადად შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. “ამგვარ განცხადებებს [რომლებიც გაკეთდა სააკაშვილის მიერ სტრასბურგში და ჟვანიას მიერ] არაფერი აქვთ საერთო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან. ისინი სუფთა პოპულისტური მიზნით გაკეთდა და ძირითად ქართველებზე იყო გათვლილი, ვიდრე აფხაზებზე“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პოლიტიკურმა მიმოხილველმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც აქტიურადაა ჩართული აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებში. 
 
გასული წლის დეკემბრის შემდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააჟღერეს წინადადებები აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის თაობაზე. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ერთ-ერთი მოსაზრება ფედერალური ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას ეხება; სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად მიჩნეულია ქართული მხარის მიერ თბილისის იმ შეცდომების აღიარება, რომლებმაც ქვეყანა 90-იანი წლების სისხლიან კონფლიქტამდე მიიყვანა.  წინადადება ასევე ითვალისწინებს სხვა პირობებსაც, რომლებიც ბევრი ქართველისთვის ძნელად მისაღებია. პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა, ასევე ძველი აკადემიური წრეების და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შექმნეს  მოძრაობა “უნიტარული საქართველოსთვის“, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს წინ აღუდგეს ქვეყნის ფედერალურ მოწყობას. 
 
“ამ ბოლო დროს რამოდენიმე სამშვიდობო გეგმა მომზადდა აფხაზეთთან დაკავშირებით და ეს ძალიან კარგია. თუმცა, მთავრობას ამ გეგმებისთვის ჯერ არ მიუქცევია ყურადღება. ჯერ-ჯერობით არ შექმნილა რაიმე სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფხაზურ მხარესთან კონსულტაციებს გამართავდა. შესაძლოა, კულუარულად რაიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ საჯაროდ ამგვარი მოლაპარაკებები არ ყოფილა”, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა შეწყვიტა მუშაობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგარების კონცეფციაზე. 
 
“აფხაზეთში ჯერ-ჯერობით არ არის შესაფერისი პოლიტიკური ვითარება. ამ კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარება გამორიცხულია, ჩვენ უნდა დავიწყოთ გზების მოძებნა აფხაზურ მხარესთან დიალოგის დასაწყებად. თუმცა, ეს დროს საჭიროებს”, განუცხადა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“.
 
ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველია, აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტი გაცილებით რთულია, ვიდრე სამხრეთ ოსეთის. “უეჭველია უნდა ვიპოვოთ გზა, თუ როგორ მივუდგეთ სერგეი ბაღაფშს [აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი]. ეს კონფლიქტი განსხვავებულია [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისგან]. ქართველი პოლიტიკოსების და ასევე მედიის უდიდესი შეცდომა იყო სერგეი ბაღაფშის პროქართულ ფიგურად დასახელება. ამან კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია და აიძულა ბაღაფში კიდევ უფრო რადიკალური გამხდარიყო თბილისის მიმართ. ახლა, იგი იძულებულია მუდმივად ამტკიცოს, რომ არ აპირებს აფხაზეთის საქართველოსთან ინტეგრირებას”, განუცხადა რამაზ კლიმიაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
 
დამკვირვებელთა თქმით, სააკაშვილის პოზიციის გამკაცრება შესაძლოა აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მიერ მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც ამ უკანასკნელმა გამორიცხა დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა.     
 
პაატა ზაქარეიშვილიც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთში ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაცია არახელსაყრელია კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად. მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში პოსტ-საარჩევნო კრიზისის შემდეგ არსებული შედარებითი სტაბილურობისა, პოლიტიკური სიტუაცია სოხუმში არც თუ ისე გარკვეულია.  
 
თუმცა, პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც ურთიერთობები აქვს აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აცხადებს, რომ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ელიან თბილისის წინადადებებს. “ისინი გვეუბნებიან: ჯერ თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ რა ტიპის სახელმწიფო [მოწყობა] გინდათ. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ – ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – დავიწყებთ კონსულტაციებს ამ საკითხებზე მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში”, განაცხადა მან.

Back to top button