
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილი ევროპას ესაუბრა და არა სეპარატისტებს
![]() |
სააკაშვილი დახმარებისთვის ევროპას მიმართავს. |
მოსკოვში ვიზიტად მყოფმა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა ჯერ კიდევ მის წაკითხვამდე უარყო, თუმცა, სააკაშვილის მიმართვა ევროპის და არა კოკოითის მისამართით გაკეთდა.
საქართველო ამზადებს საფუძველს იმისთვის, რათა მოხდეს საერთაშორისო მხარდაჭერით ქვეყნის რეინტეგრაცია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთის მოუქნელი პოლიტიკა ეხმარება სააკაშვილს ამ საქმეში. მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობა მზად არის დემოკრატიული ალტერნატივები შესთავაზოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას, ამ რეგიონების ლიდერები მოსკოვის მარიონეტების იმიჯს იქმნიან.
თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის სააკაშვილისეული ფართო ავტონომიის შეთავაზება წინანდელ (სააკაშვილის პრეზიდენტობამდე არსებულ) კურსზე უარის თქმას ნიშნავს. საქართველოს პოლიტიკური ელიტა იზიარებდა იმ პოზიციას, რომ აფხაზეთს უნდა ჰქონოდა ავტონომიური სტატუსი (რადგანაც აფხაზეთი აფხაზთთა ერთადერთ სამშობლოს წარმოადგენს), მაგრამ სამხრეთ ოსეთი ხელოვნული, საბჭოთა წარმონაქმნია.
ამჟამად სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილი ტერიტორიის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, დანარჩენი – თბილისის კონტროლს ექვემდებარება. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 28-30 ათასს შეადგენს. ამგვარად, სრული თვითმმართველობის და ცენტრალურ ხელისუფლებაში წარმომადგენლობის შეთავაზება (მაგ. გარკვეული კვოტები პარლამენტში, არჩევითი პოსტები) თბილისის მხრიდან ნამდვილად ხელგაშლილ წინადადებად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, რეალობა სხვაგვარია. სააკაშვილმა იმთავითვე იცოდა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა უარყოფდა მის წინადადებას, რადგან კოკოითს არ აქვს არანაირი სტიმული, რომ დათანხმდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებას. კითხვაზე, თუ რატომ არასდროს არ ჩადის თბილისში, როცა იგი მოსკოვის საკმაოდ ხშირი სტუმარია, კოკოითმა რუსულ რადიოსადგურ “ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, “ამაში გასაკვირი არაფერია – მე რუსეთის მოქალაქე ვარ და არა საქართველოსი”.
სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სარგებლის მაძიებელ კლანს უფრო ჰგავს, ვიდრე მეტ-ნაკლებად თავისუფლად არჩეულ ხემძღვანელობას, რომელიც მისი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს. რისთვის უნდა დაკარგოს კოკოითმა ის მოგება, რომელსაც რუსეთიდან საქონლის უფასო იმპორტით იღებს, ასევე კავშირები მოსკოვის მაღალ ეშელონებში, მხოლოდ იმისათვის, რომ ანგარიშვალდებული გახდეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე?
სხვათაშორის, სააკაშვილმა მიანიშნა, რომ გარკვეული დივიდენტების მიღება მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, რადგანაც მისი თქმით, თბილისი სამხრეთ ოსეთისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხის და საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული პროცედურების განხილვას გეგმავს. მაგრამ, იმ პირობებში, როცა დღეს იქ არანაირი სასაზღვრო რეჟიმი არ მოქმედებს, ეს კოკოითისთვის ვერაფერი შვებაა.
სააკაშვილის მიერ სამშვიდობო წინადადებების გახმოვანების ადგილი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, შემთხვევით არ იქნა შერჩეული. მარტივად რომ ვთქვათ, იგი ევროპაში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ნიადაგს ამზადებს და ამავე დროს, ცდილობს დაამსხრვიოს სამხრეთ ოსეთშზე ზემოქმედების რუსული მონოპოლია.
სამშვიდობო გეგმა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ღიად გაჟღერდა და ეს კვლავაც განმეორდება. თუ სამხრეთ ოსეთი და რუსეთი შეეწინაღმდეგებიან ამ გეგმას ისე, რომ არ მოახდინეს ამ წინააღმდეგობის არგუმენტირებული დასაბუთება, მაშინ ქართული მხარის ძალისმიერ კურსს პოლიტიკური გამართლება ექნება. მაგრამ ამან მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი შეიძლება მოიტანოს.
რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, ნიშანდობლივია ის ფორმატი, რომელსაც სააკაშვილი კონფლიქტის მოსაგვარებლად სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას. იგი მოუწოდებს საერთაშორისო დონეზე გარანტირებული სამშვიდონო პროცესისკენ, სადაც ევროპის საბჭო შეასრულებს მშვიდობის ხელშემწყობის როლს, ეუთო – სამშვიდობო პროცესზე დამკვირვებლის, ევროკავშირი – მშვიდობის გარანტის, ხოლო აშშ – მშვიდობის მხარდამჭერის ფუნქციებს. რაც შეეხება რუსეთს, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, “იგი სასურველი და კონსრუქციული პარტნიორი“ იქნება.
აშკარაა, რომ ეუთოს (სადაც რუსეთი საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობს) და რუსეთს საკმაოდ სიმბოლური როლი აკისრიათ, მაშინ როცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო ლიდერობენ ამ თვალსაზრისით.
ფაქტიურად, წინადადებები საერთაშორისო პოლიციისა და არმიების საბოლოო შერწყმის თაობაზე ძალიან ჰგავს ბოსნიის სცენარს, სადაც ევროკავშირმა წამყვანი როლი იკისრა.
ამჟამად, ევროკავშირი მზად არ არის ამგვარი მოწოდებისთვის, თუმცა წინადადება მაგიდაზე რჩება და დროთა განმავლობაში შესაძლოა ევროკავშირს გაუჩნდეს სურვილი განიხილოს იგი. ამჟამად საქართველო ცდილობს პირველი დარტყმა მიაყენოს რუსეთს, ცდილობს რა დაარწმუნოს ევროკავშირი ჩაენაცვლოს ეუთოს დამკვირვებლებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. თუკი ეს მოხდა, ეს კიდევ ერთი ჭრილობა იქნება ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც ვეტო დაადო ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელებას.
კიდევ უფრო საინტერესოა ის, თუ რა არ თქვა სააკაშვილმა საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას. მოულოდნელი იყო, რომ მან 26 იანვარს არ ისაუბრა აფხაზეთის საკითხზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აფხაზეთის სამშვიდობო გეგმაზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ვიდრე სამხრეთ ოსეთზე.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის განხორციელება შეუძლებელია, რადგანაც “‘აფხაზურმა მხარემ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა“. იგი აშკარად გულისხმობდა 2004 წლის ზაფხულს, როცა აფხაზურმა მხარემ შეწყვიტა თბილისთან მოლაპარაკებები, თუმცა მოგვიენებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნა გამოხატა.
ამ განაცხადით სააკაშვილი სავარაუდოდ მოელის ბაღაფშისაგან, რომ მან უკან წაიღოს ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც “აფხაზეთში იძულებით გადაადგებულ პირთა დაბრუნება შეუძლებელია“.
თბილისი, რომელიც, შიეძლება ითქვას, რომ ზოგადად მიესალმა ბაღაფშის არჩევას აფხაზეთის ლიდერად, გააღიზიანა მოსკოვის მიერ კრიზისის მოგვარებამ, რის შედეგადაც ბაღაფშმა და რუსეთის მარიონეტმა რაულ ხაჯიმბამ ძალაუფლება გაიყვეს. დარწმუნებული იმაში, რომ ორ ლიდერს შორის ურთიერთობები არც თუ იდილიურია, თბილისი აფხაზურ პოლიტიკაში შემდგომი კრიზისის მოლოდინშია.
როგორც ჩანს, ამჯერად, თბილისი თავს შეიკავებს აფხაზეთთან მიმართებაში აქტიური ნაბიჯების გადადგმისგან და დაელოდება იმ პერიოდს, როდესაც რუსეთის მიმართ ბრალდებები, აფხაზეთის საარჩევნო პროცესში ჩარევის თაობაზე, მტკიცედ მოიკიდებენ ფეხს საერთაშორისო არენაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას სააკაშვილმა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამო გააკრიტიკა და ეს ფაქტი “საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად“ შეაფასა.
“ამის შემდეგ ჩვენ გვეუბნებიან [რუსეთი]: იქ [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში] ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ გვაქვს უფლება იქ ჯარები და ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლები გავაგზავნოთ, პირდაპირ ვუკარნახოთ, თუ ვინ უნდა აირჩიონ მათ [მოქალაქეებმა], როდის და როგორ“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებაში ევროპის ინტერესის გამყარებისთვის. ევროპის ლიდერები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი თავიანთი შესაძლო როლის მიმართ, ამდენად საკითხის მოგვარებას დრო და მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან პარტიონორობა და აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში.
ამჟამად, თბილისი კვლავ დგას სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის შემდგომი ჩარევის საფრთხის წინაშე. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამგვარი ჩარევა მხოლოდ გააძლიერებს თბილისის პოზიციებს ევროპაში, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი სულ უფრო სცილდება საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს.
ამ შემთხვევაში, სააკაშვილის მთავარი ამოცანაა თავიდან აიცილოს ყოველგვარი გართულებები და არეულობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამისთვის ხელისუფლებამ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მაცხოვრებელ ეთნიკურ ქართველებთანაც უნდა იმუშაოს.
ბოლოდროინდელმა ურთიეთგატაცებებმა სამხრეთ ოსეთში დაადასტურა, რომ გრძელვადიან საერთაშორისო მიზნებს კონფლიქტების დარეგულირების კუთხით შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მარტო სეპარატისტების, არამედ ჩვეულებრივი ქართველების მიერ განხორციელებულმა ნაბიჯებმა.