ახალი ამბები

საქართველოს ელჩი გაეროში აფხაზეთის შესახებ

საქართველოს ელჩი გაეროში რევაზ ადამია გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს სეზარ მაიორალს მიმართავს

ნიუ იორკი, 2005 წლის 26 იანვარი


თქვენო აღმატებულებავ,


პატივი მაქვს მოგმართოთ და, თქვენი მეშვეობით, მივაპყრო უშიშროების საბჭოს ყურადღება აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის მოგვარების პროცესში განვითარებულ მოვლენებს.


თავდაპირველად მსურს გამოვხატო გულითადი მადლიერება გენერალური მდივნის ბატონი კოფი ანანისადმი აფხაზეთში, საქართველო, მდგომარეობის შესახებ მისი მოხსენებისათვის და განსაკუთრებით ავღნიშნო მისი სპეციალური წარმომადგენლის, ქალბატონი ჰეიდი ტალიავინის დაუღალავი ძალისხმევა აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის გრძელვადიანი, მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.


სრულიად ნათელია, რომ დღეისათვის კონფლიქტის მოგვარების პროცესში გამოიკვეთა რამოდენიმე ახალი ელემენტი. პირველი და უახლესი გახლავთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში, საქართველო. სრულიად ცხადია, რომ ეს ე.წ. “არჩევნები” უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და არალეგიტიმურად. საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირეული ნორმებიც რომ დავივიწყოთ, როგორ შეიძლება საარჩევნო პროცესი ვინმემ ჩათვალოს სამართლიანად ან დემოკრატიულად, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალით იქნა განდევნილი საქართველოს ამ რეგიონიდან. აქ მსურს ავღნიშნო, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აფხაზეთში, საქართველო, ცხოვრობს დაახლოებით ასი ათასი მოსახლე, მაშინ, როდესაც კონფლიქტამდე რეგიონის მოსახლეობა ხუთასი ათასს აჭარბებდა.


მეტად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დამატებითი  ასპექტი, რომელიც, თუმცა არ ხვდება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ჩვენის აზრით წარმოადგენს ერთერთ სერიოზულ იურიდიულ კაზუსს. აფხაზური და რუსული წყაროების მიხედვით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ეს სწორედ ის ხალხია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა “არჩევნებში”, სხვებისაგან, კერძოდ კი გალის რეგიონის მოსახლეობისაგან განსხვავებით, რომელთა “საარჩევნო უბნებთან” არდასაშვებად ყველა საშუალებას მიმართავდნენ, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას, დაშინებას, გატაცებებს და ა.შ. (მსგავსმა ძალადობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურის გაცხარებაც კი გამოიწვია, როგორიც რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ბაბურინია). რას ნიშნავს ყოველივე ეს? “რუსეთის მოქალაქეებმა” “აირჩიეს” საქართველოს ერთერთი რეგიონის “ხელმძღვანელობა”!


არის თუ არა ეს აბსურდი?


ძალზე საინტერესო იყო პირველი “არჩევნების” შემდგომ განვითარებული მოვლენები. ნათელია, რომ რუსეთის, და თავად პრეზიდენტ პუტინის, რჩეულმა – ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებდნენ “საარჩევნო” სტენდები – ვერ გაამართლა თავისი ბატონების ნდობა და დამარცხდა ამ “რბოლაში”. ამას მოყვა მეტად საინტერესო ჯაჭვური რეაქცია. კანდიდატებს შესაშური სისტემატურობით იძახებდნენ კრემლის მაღალ კაბინეტებში. როდესაც დაშინების არგუმენტებმა ვერ გაჭრა, მოსკოვმა დაანახა მთელ მსოფლიოს, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობას, თუ ვინ მართავს სიტუაციას რეგიონში : ე.წ. ინაუგურაციის წინა დღეს რუსეთმა გადაკეტა გამშვები პუნქტი მდინარე ფსოუზე, ანუ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა 1996 წლიდან დსთ-ს გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამის შემდეგ მოფიქრებული იქნა “ბრწყინვალე” სვლა – ე.წ. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც, სხვათა შორის, ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე!


არის თუ არა ეს აბსურდი ?


როგორც კი მოსკოვმა მიაღწია სასურველს (სხვათა შორის, რეგიონში ამან სტაბილურობა არ მოიტანა), გამშვები პუნქტი გახსნილ იქნა და განახლდა სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და მოსკოვს შორის. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, ოფიციალურად ამ ნაბიჯებს ხსნის, როგორც “სამოქალაქო დაპირისპირებისა” და სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთადერთ გზას. რასაკვირველია, ჩვენ მთლიანად ვემხრობით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ ნუთუ შეუძლებელი იყო იგივე ნაბიჯები გადადგმულიყო თბილისთან შეთანხმებით? თუ დღეს-დღეობით ცუდ ტონად ითვლება მეზობელი, მეგობარი სახელმწიფოს დედაქალაქის ინფორმირება ამ ქვეყნის რეგიონში ემისარების გაგზავნის შესახებ? რა უნდა ვუწოდოთ დამკვირვებელთა მისიებს, რომლებიც წარგზავნილნი იყვნენ “არჩევნებზე”, რომელიც, თავისთავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესში სრულიად იგნორირებულია ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპები.


აქ, თქვენო აღმატებულებავ, მსურს გავიმეორო, რომ მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, მათ შორის ნებისმიერ პიროვნებასთან, ვინც შეცვლის ბატონ არძინბას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ე.წ. არჩევნების მიმდინარეობას და მზად ვართ ნებისმიერ დროს ვესაუბროთ ნებისმიერ ახალ ლიდერს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ აფხაზური მხარის ასეთ მზადყოფნას. იქაური ახალი ლიდერების განცხადებებში სრულიად არ ჩანს მოლაპარაკებათა სურვილი. აფხაზური მხარე დაჟინებით უგულვებელყოფს უშიშროების საბჭოს მოთხოვნებსაც. კერძოდ, ისინი კვლავაც უარს აცხადებენ “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილების ძირითადი პრინციპების” შესახებ ე.წ. ბოდენი დოკუმენტის მიღებაზე, არ იძლევიან გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის ნებართვას, იგნორირებას უკეთებენ ქართველი ბავშვების მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხსა და კვლავაც ეწინააღმდეგებიან გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამოქალაქო პოლიციის კონტინგენტის სრულ განლაგებას, რომელიც, როგორც ეს აღნიშნულია გენერალური მდივნის მოხსენებაში, მოქმედებს მხოლოდ ქართულ მხარეს, სადაც ის “დადებითად თანამშრომლობს სამართალდაცვის ადგილობრივ სტრუქტურებთან”.


სამწუხაროა, თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ, ამავე დროს, რეალობაა ის, რომ ჩვენ ყველანი უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ფარატინა ქაღალდებად გადაქცევის მოწმენი ვხდებით. როგორც ჩანს, მხოლოდ ქართული მხარისთვის რჩება ისინი სერიოზულ დოკუმენტებად, ხოლო აფხაზები მათ სრულ იგნორირებას ახდენენ (რატომაც არა – მათ თავხედობას ხომ არანაირი პასუხისმგებლობა არ მოყვება).


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. არჩევნების მოლოდინში მოლაპარაკებათა საერთაშორისო ფორმატიც პრაქტიკულად პარალიზებული იყო. ჟენევის პროცესი, რომელმაც, თავის დროზე, კონფლიქტის მოგვარების საკითხში წინსვლის იმედი გააჩინა, ჩვეულებრივ სადისკუსიო კლუბად გადაქცევის საშიშროების წინაშე დგას. მოვლენათა ასეთი საშიში განვითარების სიმპტომები უკვე სახეზეა –  ამ ფორმატში აღმოცენებული სამუშაო ჯგუფები უბრალოდ გაქრნენ, ხოლო ბოდენის დოკუმენტის აფხაზებისათვის გადაცემის აუცილებლობა უკანასკნელ შეხვედრაზე ნახსენებიც კი აღარ იქნა.


ჟენევის პროცესი ბევრად უფრო ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. დაუშვებელია ამ ფორუმის გაუფასურება.


მე იძულებული ვარ კვლავ შეგახსენოთ, რომ არსებობს ადამიანთა უზარმაზარი ერთობლიობა, რომლებიც ყველას უნდა გვახსოვდეს; ეს გახლავთ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები – ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი – რომლებიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ელიან მათი ძირეული უფლების – საკუთარ სახლში ცხოვრების უფლების – რეალობად ქცევას. ისინი ჯერაც გაუსაძლის მდგომარეობაში არსებობენ და სრულად დაუცველნი და მოწყვლადნი არიან. მიმდინარე თვეში გალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს ის უკანონობა, რომელთანაც მათ უხდებათ შეჯახება. ვგონებ, უშიშროების საბჭოს წევრებისათვის ცნობილია “არჩევნების” დღეს მომხდარ გატაცებათა შესახებ. საგულისხმოა, რომ ეს გატაცებები მოხდა დსთ-ს სამშვიდობო ძალების თვალწინ და მათ არაფერი იღონეს მშვიდობიანი სამოქალაქო პირების დასაცავად – სხვათა შორის, არცთუ პირველად. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ გალის უსაფრთხოების ზონაში, რომელიც დსთ-ს სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობაში შედის, 2000-ზე მეტი ქართველი იქნა მოკლული. მე კვლავ უნდა განვაცხადო, რომ დსთ-ს სამშვიდობო ძალები შორს არიან მიუკერძოებლოებისაგან და ხშირად მხარს უჭერენ აფხაზი სეპარატისტების გასამხედროებულ შენაერთებს. დროა დავიწყოთ სამშვიდობო ოპერაციის ახალ ფორმატზე ფიქრი, რამეთუ იმას, რასაც აკეთებენ რუსული სამხედრო შენაერთები – რასაც, რეალურად, წარმოადგენს დსთ-ს სამშვიდობო ძალები – ძნელად შეიძლება ეწოდოს “სამშვიდობო ოპერაცია”.


მსურს მივაქციო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ შემაშფოთებელ მოვლენას. რუსეთის სამხედრო სასწავლებლები ღიად – აფხაზური და რუსული საინფორმაციო საშუალებებით – აცხადებენ სეპარატისტული რეჟიმისათვის სპეციალური კვოტების გამოყოფისა და მათი სამხედროების მომზადების შესახებ. მსურს შეგახსენოთ, რომ უშიშროების საბჭოს 1993 წლის 876-ე რეზოლუცია მსგავს საქმიანობას ცალსახად კრძალავს. როგორც ჩანს, რუსეთში არცთუ ყველა სცემს პატივს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს.


გუდაუთაში (აფხაზეთი, საქართველო) არსებული რუსული სამხედრო ბაზა, ანუ, უცხოური სახელმწიფოს სამხედრო ბაზა კონფლიქტის ტერიტორიაზე, უნდა დაშლილიყო და დახურულიყო 2001 წელს. საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ეს ბაზა, თუმცა შემცირებული კონტინგენტით, კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას. ჩვენ რამოდენიმეჯერ წამოვაყენეთ ამ ბაზის საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის გადაცემის წინადადება, რაც, ცხადია, დაეხმარებოდა მისიას მისი საკმაოდ რთული საქმიანობის აღსრულებაში. სამწუხაროდ, ამ საკითხის გადაწყვეტა მუდმივად ჭიანურდება.


დასასრულს, თქვენო აღმატებულებავ, მსურს გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება – რაც უფრო დიდხანს რჩება გადაუწყვეტელი ეს გაჭიანურებული “გაყინული” კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება გრძელვადიანი მშვიდობიანი კომპრომისის გამოძებნა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს გააძლიეროს თავისი მოღვაწეობა აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ერთერთი ნაბიჯი, რომელიც უშიშროების საბჭოს შეუძლია ამ ეტაპზე გადადგას, გახლავთ საქართველოში – განსაკუთრებით კი, სოხუმში – ვიზიტის განხორციელებაა, რათა უშიშროების საბჭო თავად, საკუთარი თვალით გაეცნოს რეალობას ადგილზე და სცადოს, გამოძებნოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებული სტაგნაციიდან გამოსვლის გზები.
გთხოვთ, წინამდებარე წერილის ტექსტი გაავრცელოთ, როგორც უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი.


პატივისცემით,


რევაზ ადამია

მსგავსი/Related

Back to top button