
სააკაშვილმა ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა გააცნო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კონცეფციაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა კონფლიქტების მოგვარების გარდამავალ პერიოდად სამი წელი დასახა.
“ხელისუფლება სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში უფრო ფართო სტატუსს სთავაზობს, ვიდრე რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთს აქვს”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნული კონცეფცია ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების არჩევას. ცხინვალის რეგიონს ასევე საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება ცენტრალურ ხელისუფლების სამივე შტოში – მთავრობაში, პარლამენტსა და სასამართლოებში.
კონცეფციაში გათვალისწინებულია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ასევე [ოსური] ენისა და განათლების პროგრამების დაფინანსება.
“მზად ვართ განვიხილოთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის და რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გამარტივებული პროცედურების დაწესების საკითხები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, პრეზიდენტის თქმით, შესაძლებელია ოსური საჯარისო ფორმირებების ქართულ არმიაში ინტეგრირება.
თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრეროგატივა ცენტრალურ ხელისუფლებას ექნება.
“ჩვენ არამარტო დე ფაქტო ხელისუფლებას, არამედ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას მივმართავთ და ვთავაზობთ [ოსების] ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს შემადგენლობაში და მათი უფლებების დაცვას“, განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი იმ მოსახლეობას, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს [1990-92 წწ] დატოვა ცხინვალის რეგიონი, დაბრუნების შემთხვევაში ფინანსური კომპენსაციების გაცემას ჰპირდება, პენსიონერებს კი საქართველოში არსებული საპენსიო ზღვარის ფარგლებში პენსიებით უზურნველყოფას.
“მთავარია ნდობის აღდგენა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობას მომავლის იმედი ჩაუსახოს. თქვენი [ევროსტურქტურების] დახმარებით ხანგრძლივ მშვიდობას მივაღწევთ. ამ კონფლიქტის მოგვარებაში დიდად ვაფასებთ რუსეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობას”, განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთში მშვიდობის გარანტი ევროკავშირი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინტერესებში არ შედის სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს.
“პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფიცი დავდე, რომ ქვეყანაში კონფლიქტების საკითხს მოვაგვარებდი. მოვიდა დრო, რომ ეს კონფლიქტები წარსულს ჩაბარდეს”, დასძინა პრეზიდენტმა.