ახალი ამბები

2004 წელი გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებით გამოირჩეოდა

ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მაშინ, როცა საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საგადასახადო ადმინისტრირება საგრძნობლად გაუმჯობესდა.
 
2004 წლის პირველი ცხრა თვის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 7,010,4 მილიონი ლარი შეადგინა. მშპ-ის ზრდის ტემპი ამ პერიოდში 8.4 პროცენტი იყო, ნაცვლად 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში 8.6 პროცენტისა. ეს ზრდა ძირითადად ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობამ გამოიწვია. მრეწველობისა და მშენებლობის გარდა გარკვეული ზრდა ასევე დაფიქსირდა ეკონომიკის სხვა სექტორებშიც, მათ შორის ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, თუმცა სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში განვითარების ტემპები შემცირდა.
 
ეს საერთო ეკონომიკური ტენდენციები დიდად არ განსხვავდება გასული წლების მაჩვენებლებისგან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ აქტიურ პოლიტიკურ გარემოს, ხელისუფლების შეცვლას 2003 წლის ნოემბერში, მთავრობის ტრანსფორმაციას და დაძაბულ პოლიტიკურ ფონს აჭარასა და სამხრეთ ოსეთში, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება დადებითი მოვლენაა.
 
მთავრობის საქმიანობა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გადასახადების აკრეფა 51%-ით გაიზარდა საანგარიშო წლის განმავლობაში, რამაც გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია საბიუჯეტო შემოსავლებზე.  ნომინალური მონაცემებით, საბიუჯეტო მაჩვენებლები 66%-ით გაიზარდა და 1.114 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხის 81% საგადასახო შემოსავლებმა შეადგინა, 16% – არასაგადასახო შემოსავლებმა, 3% კი გრანტებმა.  
 
თუმცა ყველა ტიპის გადასახადების ადმინისტრირება გაუმჯობესდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია არაპირდაპირი გადასახადების აკრეფაში მომხდარი ცვლილებები. დღგ-ის აკრეფა 34%-ით გაუმჯობესდა, ხოლო აქციზური გადასახადების აკრეფა – 93%-ით.
 
შემოსავლების კუთხით მკვეთრი გაუმჯობესება მოწმობს იმას, რომ სწორედ გადასახადების ადმინისტრირება გაუმჯობესდა და არა საგადასახადო ბაზა.  სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები 4%-ით შემცირდა. 
 
წლევანდელი წელი გადამწყვეტი იქნება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად მოხერხდება საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით გამოკვეთილი პროგრესის შენარჩუნება.  თუმცა, 2005 წელს მხოლოდ წინასწარი ნიშნები გამოჩნდება იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა მთავრობა ფეხზე დააყენოს ეკონომიკა.
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდება და ამგვარად, მისი პირდაპირი ზემოქმედება მშპ-ის ზრდაზე განეიტრალდება. სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რასაც ამ სექტორში მოძველებული ტექნოლოგიების არაეფექტურობაც განაპირობებს. იმპორტის რაოდენობა – 1.259 მილიარდი დოლარი – მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს – 446 მილიონი დოლარს.
 
საგადასახადო ადმინისტრირებაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება, რასაც მოკლევადიან პერიოდში, სავარაუდოდ, საგადასახადო შემოსავლების შემცირება მოჰყვება, თუმცა გაუმჯობესდება საერთო ეკონომიკური ფონი. 2003 წელს მცირე და საშუალო საწარმოების წილი საერთო სამრეწველო პროდუქციის შექმნაში მხოლოდ 16.7% შეადგენდა, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლი 50-60%-ს უტოლდება. მთავრობას მცირე საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით საგადასახადო და სახელმწიფო აუდიტის პროცედურების გამარტივება მოუწევს. 

Back to top button