
სტრასბურგში სააკაშვილის გამოსვლაში მთავარი აქცენტი სამხრეთ ოსეთზე გაკეთდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა მიჩნეული, რომელიც 26 იანვარს ევროპის ამ დიდი ტრიბუნიდან გაახმოვანებს თბილისის წინადადებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებასთან დაკავშირებით.
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტს სამხრეთ ოსეთზე გააკეთებს, სადაც მძევლების აყვანასთან დაკავშირებით შექმნილი ხუთდღიანი კრიზისი მას შემდეგ განიმუხტა, რაც 24 იანვარს ქართულმა და ოსურმა მხარეებმა გატაცებულები გაათავისუფლეს.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს პრეზიდენტი სააკაშვილი 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზეც შეეხო, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს ფართო სტატუსი შესთავაზოს. კერძოდ: პოლიტიკური უფლებები, პარლამენტში, მთავრობასა და სასამართლო ორგანოებში კუთვნილი ქვოტები, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი უფლებები.
ამასთან, თავდაცვა, საზღვრის კონტროლი, საზოგადოებრივი წესრიგის და ადამიანის უფლებების დაცვა ცენტრალური ხელისუფლების გამგეობაში იქნება.
“ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით მშვიდობაში არის ის, რომ მივცეთ სამხრეთ ოსეთს გარკვეული პოლიტიური უფლებები. ვსაუბრობთ ჩვენი მოსახლეობის 1%-ზე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. მინდა, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა გარანტია მივცეთ [ოსებს], რომ არავინ არ დაჩაგრავს მათ საქართველოში”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის თქმით, მთავარი ბერკეტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობა დაბრუნდება ერთიან ქართულ სივრცეში, არის საქართველოს გაძლიერება. “ჩვენი ძლიერება ყოველდღე იზრდება”, აცხადებს სააკაშვილი.
თუმცა ცხინვალი სკეპტიკურად უყურებს თბილისის წინადადებებს ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რისი კიდევ ერთი დასტურია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი 24 იანვარს მიღებული მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოს ფედერაციული მოწყობა მორიგი ფიქცია იქნება”.
“სამხრეთ ოსეთის პარლამენტი [სააკაშვილის გამოსვლის წინ] მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თავი შეიკავოს რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებისაგან სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ოსური მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებულმა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გართულება გამოიწვიოს”, ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის მიმართვაში.
სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის სამშვიდობო კონცეფციის მომზადების ინიციატივით პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გასული წლის დეკემბერში მიმართა. მისი განცხადებით “ფედერალური მოწყობის” პრინციპებზე დაყრდნობით თბილისი კონფლიქტურ მხარეებს ფართო ავტონომიას შესთავაზებს.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, რომლის ექსპერტთა ჯგუფიც საქართველოს 26-27 იანვარს ეწვევა, ასევე აღმოუჩენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსის შესახებ იურიდიული დოკუმენტის შემუშავებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში გამგზავრებამდე ცხინვალის რეგიონში მძევლების აყვანის ფაქტების გამო არასახარბიელო ფონი იყო შექმნილი. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ცხინვალში 24 იანვარს საგანგებოდ შეკრებილი ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა ქართველი და ოსი მძევლების გათავისუფლებით დამთავრდა.
ოსურმა მხარემ 24 იანვარს შსკ-ს სხდომაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად გაათავისუფლა, სოფელ ერედვის პოლიციის უფროსი ლადო ჩალაური, რომელიც 20 იანვარს გაიტაცეს. სანაცვლოდ ქართველებმა გაათავისუფლეს, 22 იანვარს პროტესტის ნიშნად დაკავებული ოსი მოქალაქეები.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, შსკ-ს თანათავმჯდომარის გოგა ხაინდრავას თქმით, ქართულმა მხარემ უარი განაცხადა 19 იანვარს სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოლეგ ფუხაევის გათავისუფლებაზე, რასაც ოსური მხარე მოითხოვდა. ფუხაევი გასული წლის თებერვალში ქართულ სოფელ თამარაშენში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
შსკ-ს სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოლეგ ფუხაევი გადაყვანილი იქნება ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში და მისი საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან ქართული, რუსული და ოსური მხარეები.