ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვრის სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ. უნგრელმა პარლამენტარმა მათიას იორშიმ, რომელიც საქართველოს შესახებ ერთ-ერთი თანამომხსენებელი იყო, განხილვის დროს განაცხადა, რომ რეზოლუცია “კრიტიკულია, თუმცა, მეგობრები კრიტიკულები უნდა იყვნენ“.

მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს გადახედოს 2004 წლის თებერვალში კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებს პრეზიდენტს. კიდევ ერთი რეკომენდაციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას “საფუძვლიანად და დაუყონებლივ გადახედოს ცოტა ხნის წინ მიღებულ აჭარის ავტონომიურ მოდელს“, რომელიც შეფასებულია, როგორც “ავტონომიის არაადექვატურ მოდელი“. რეზოლუცია ასევე შეიცავს რეკომენდაციას 7%-იანი საარჩევნო ბარიერის შემცირების შესახებ, “რათა შეიქმნას პირობები პლურალისტური და ნამდვილად წარმომადგენლობითი პარლამენტის შესაქმნელად“.
 
“არ იქნება მართალი, თუ თანამომხსენებლები იტყვიან, რომ საქართველოში ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა მეორე მხრივ, უსამართლო იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოში არაფერი არ კეთდება“, განაცხადა მათიას იორშიმ რეზოლუციის შესახებ გამართული დებატების დროს 24 იანვარს.    
 
მან ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკის მთავარ წყაროს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ “საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება უგულებელყოფს ჩვენს [ევროპის საბჭოს] რჩევებს და რეკომენდაციებს“.
 
“მათ [საქართველოს ხელისუფლებას], რა თქმა უნდა, აქვთ ამის გაკეთების უფლება, ეს სუვერენული სახელმწიფოა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესია საკუთარი გზით იარონ, ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილება გვაქვს: იმ მთავრობებს, რომლებიც საკმაოდ თვითდაჯერებულნი არიან და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ევროპის გამოცდილების უგულვებელყოფა, ვფიქრობ დიდი კრიზისი ელით წინ“, განაცხადა მათიას იორშიმ.
 
ბულგარელმა პარლამენტარმა ევგენი კირილოვმა, რომელიც ასევე თანამომხსენებელია საქართველოს შესახებ, განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ საქართველო არ არის ვალდებული გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციები, “ნამდვილად არ არის სწორი მიდგომა“.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეკომენდაციები “კარგია, თუმცა საქართველოს გადასაწყვეტია შეასრულებს თუ არა მათ“.
 
მათიას იორშიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციები, განსაკუთრებით ქვეყნის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური სტატუსის გადახედვის თაობაზე. “ის [აჭარა] უნდა იყოს ნამდვილი ავტონომია და ის უნდა გახდეს კარგი მოდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მომავალში“, დასძინა მან.
 
ამ კრიტიკის საპასუხოდ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, მოუწოდა ევროპის საბჭოს პარლამენტარებს, “არ მოიაზრონ აჭარა ერთ კალათაში“ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად.
 
“სიტუაცია [აჭარასთან მიმართებაში] აბოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ ვეთანხმებით, რომ საჭიროა მოდელის გადახედვა, რომელიც აჭარისთვის გარდამავალი მოდელი იყო. აჭარლები ქართველები არიან; არ არსებობს მიზეზი საქართველოს ამ რეგიონისადმი სპეციალური მიდგომისა, განსხვავებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან, სადაც საქართველოს მთავრობა მზად არის შესთავაზოს მათ განსაკუთრებული ავტონომია. აჭარის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმის კონტექსტში, აჭარას, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, უნდა მიეცეს რეალური რეგიონალური თვითმმართველობა და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
 
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს მთავრობას “ესმის, რომ ბევრად უფრო მეტია გასაკეთებელი“.


რაც შეეხება დადებით მხარეს, დოკუმენტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას განახორციელოს “შორს მიმავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები.“
 
2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოში არსებული დადებითი ტენდენციების ხაზგასმის მიზნით, საქართველოს დელეგაციის ინიციატივა რეზოლუციაში ერთი აბზაცის დამატების შესახებ, რომელიც უფრო დეტალურად აღწერს ახალი ხელისუფლების მიღწევებს, ასამბლეამ გაიზიარა. 
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება განაგრძოს მონიტორინგის პროცედურა და საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების საკითხი 2005 წლის ოქტომბერში განიხილოს.    

Back to top button