ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატის მკვლელობის საქმე ხელახალ ძიებაში დაბრუნდება

საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია ამერიკელი დიპლომატის ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში და გადაწყვიტა საქმის ხელახალ ძიებაში დაბრუნება.


ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადებითად აფასებს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ინიციატივას საჯაროდ და დაინტერესებული მხარეების თანდასწრებით გამოიძიოს 12 წლის წინ საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის ფრედ ვუდროფის მკვლელობის ფაქტი. სააკაშვილის განცხადებით, გამოძიებაში აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
 
ფრედ ვუდროფი, რომელიც არსებული ინფორმაციით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი იყო, 1993 წლის აგვისტოში თბილისის მახლობლად საკუთარ მანქანაში მოკლეს. პოლიციამ ქართველი სამხედრო ანზორ შარამაიძე დააპატიმრა, რომელსაც ვუდროფის მკვლელობაში დასდო ბრალი. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
ვუდროფის ოჯახის ადვოკატმა მაიკლ ფულარამ გასული წლის მაისში საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მიმართა. თუმცა მაშინ მას მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

Back to top button