ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ე.წ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს ესაუბრა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა 22 იანვარს ორჯერ გამართა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, რომლის დროსაც კონფლიქტის ზონაში მძევლების აყვანასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა, იუწყება ე.წ სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი. ეს ინფორმაცია დაადასტურეს პრემიერ-მინისტრის აპარატშიც.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილე მახარ გასიევი რამოდენიმე ოს მოქალაქესთან ერთად ცხინვალის მახლობლად უცნობმა პირებმა 22 იანვარს გაიტაცეს. ამ უკანასკნელმა ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რომელიც 20 იანვარს ოსების მიერ ორი ქართველი პოლიციელის გატაცებამ წარმოშვა.


“ამჟამად კონფლიქტის ზონაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა.


ვახტანგაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოსი მაღალჩნოსანი და მოქალაქეები სოფელ ერედვის პოლიციის უფროსის ლადო ჩალაურის ნათესავებმა და თანასოფლელებმა გაიტაცეს. ჩალაური ამ დრომდე ცხინვალის ტყვეობაში რჩება.

Back to top button