
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროპის საბჭოს კრიტიკას პასუხობს
გაზეთ “24 საათთან” ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე საუბრობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტში ასახულ კრიტიკაზე “აჭარის არაადექვატურ მოდელთან” და 7%-იან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, რომელიც “პლურალისტული და რეალურად წარმომადგენლობითი პარლამენტის ასარჩევად” შემაფერხებელი ფაქტორია.
მაია ნადირაძემ საქართველოს უარი საარჩევნო ბარიერის 5%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რასაც ევროპის საბჭო ჯერ კიდევ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე ურჩევდა ხელისუფლებას, ახსნა “მტრულად განწყობილი სახელმწიფოების” მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების პარლამენტში შესაძლო მოხვედრით.
“5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ 90 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოითხოვს. ქვეყანაში, სადაც კორუფციის, გაყალბების და მოსყიდვის დიდი გამოცდილება არსებობს, ყოველთვის შეიძლება ჩვენდამი მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა გარკვეული ჯგუფები დააფინანსონ და თავიანთი ინტერესებისათვის გამოიყენონ. ანუ ჩვენ ოპოზიციის გამოჩენის პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ ცრუ პოლიტიკური დაჯგუფებისა, მითუმეტეს იმ მონაცემების პირობებში, როგორშიც არჩევნები ტარდება. ამის გამო არ დავწიეთ ბარიერი”, აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.
აჭარის ავტონომიური სტატუსის კომენტირებისას მაია ნადირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ არჩია შუალედური პოზიციის დაკავება ამ საკითხის განხილვის დროს, 2004 წლის ზაფხულში არსებული ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების პირობებში.
“ერთის მხრივ სერიოზული პოლიტიკური ჯგუფები ითხოვდნენ ავტონომიის საერთოდ გაუქმებას და მეორეს მხრივ, ასევე სერიოზული ძალა მხარს უჭერდა იმ სტატუსის შენარჩუნებას, რომელიც პრინციპში არ არსებობდა და ასლან აბაშიძემ რაღაცნაირად შექმნა… ჩნდება კითხვა: რატომ უნდა ჰქონდეს აჭარას სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ძალიან მაღალი ავტონომიურობა?… ეს ავტონომია შეიქმნა, თავის დროზე, ჩვენი მტრების ხელშეკრულების საფუძველზე… 70 წელია არსებობს და მისი ერთბაშად გაუქმება, არა მგონია, იოლად გადაიტანოს ხალხმა”, აცხადებს უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, რომელიც ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრია.