ახალი ამბები

ცხინვალი ტყვეების გაცვლას დაჟინებით მოითხოვს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის 21 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსურის მხარე იმ შემთხვევაში გამოუშვებს გატაცებულ ქართველ პოლიციელს ლადო ჩალაურს, თუ ქართული მხარე 19 იანვარს დაპატიმრებულ ოლეგ ფუხაევს გაათავისუფლებს.


ოსური მხარე ქართველ პოლიციელს “დაკავებული ოსების წამებაში ადანაშაულებს”, რასაც ქართული მხარე “გამოგონილს” უწოდებს.


სოფელ ერედვის პოლიციის უფროსი ლადო ჩალაური ოსებმა კიდევ ერთ პოლიციელთან გოჩა გვიმრაძესთან ერთად 20 იანვარს გაიტაცეს.


წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გოჩა გვიმრაძე 20 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა ერედვის პოლიციის უფროსი კვლავაც ცხინვალის ტყვეობაში რჩება.


ქართული მხარე კეტეგორიულ უარს აცხადებს ქართველი პოლიციელის სანაცვლოდ ოლეგ ფუხაევის გათავისუფლებაზე, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი.


ქართული მედიის ცნობით, ლადო ჩალაურის თანასოფლელები და ნათესავები, რომლებიც ამჟამად საპროტესო აქციას მართავენ სოფელ ერგნეთში, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

Back to top button