
ოფიციალური პირები “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზაციის დეტალებს ახმაურებენ
საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ უკრაინული კომპანია “ინტერპაიპის” ბრალდებას, რომ “ჭიათურმანაგნუმის” პრივატიზაცია არაგამჭვირვალედ წარიმართა, “აბსურდი” უწოდეს. მათ რუსული კომპანია “ევრაზიაჰოლდინგისა” და ავსტრიულ-ქართული “DCM ფეროს” სასარგებლოდ მთავრობის გადაწყვეტილება “კორპორატიული ომის” თავიდან აცილების მოტივით ახსნეს.
უკრაინული გიგანტი “ინტერპაიპი”, რომლის მფლობელიც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძე გავლენიანი ოლიგარქი ვიქტორ პინჩუკია, ერთ-ერთია იმ კომპანიათა შორის, რომელთაც “ჭიათურმანაგნუმისა” და ვარციხე ჰესების კასკადის ერთიანი საპრივატიზაციო პაკეტის შეძენის სურვილი გამოთქვეს. თუმცა მას შემდეგ, რაც “ევრაზიაჰოლდინგმა” და “DCM ფერომ” გადაწყვიტეს საქართველოს მთავრობისათვის ერთიანი წინადადებით მიემართათ, რომელიც 132 მლნ აშშ დოლარის გადახდას ითვალისწინებს, გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნა მიღებული.
გაზეთ “24 საათის” თანახმად, 19 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინულ კომპანიას კონკურენტებთან შედარებით “უკეთესი ფინანსური წინადადება” ჰქონდა; თუმცა “ინტერპაიპი” ქართული მხარისაგან ითხოვდა “აეღო ვალდებულება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან ავსტრიული კომპანიის გაძევების შესახებ, რაც საქართველოში კორპორატიულ ომს გამოიწვევდა”, აცხადებს ალექსიშვილი.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომლის მფლობელიცაა ავსტრიული “DCM ფერო”, ტექნოლოგიურად დაკავშირებულია “ჭიათურმანგანუმთან”, ვინაიდან ფერო ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმის ნედლეულის ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია.
სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 19 იანვარს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელების წინადადების გაზიარების შემთხვევაში “ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი შეილახებოდა”.
“ისინი [“ინტერპაიპი”] გვთავაზობდნენ ბანდიტური მეთოდებით გვემოქმედა. ჯერ ერთი, ეს უკანონობა იქნებოდა და მეორეც, ამის შემდეგ საქართველოში არც ერთი ინვესტორი პრივატიზაციით აღარ დაინტერესდებოდა “, განაცხადა კახა ბენდუქიძემ.
ლექსო ალექსიშვილის ინფორმაციით, რუსული “ევრაზიაჰოლდინგი” და ავსტრიულ-ქართული “DCM ფერო” ერთობლივ ჰოლდინგს დააარსებენ, რომელიც “ჭიათურმანგანუმსა” და “ვარციხე ჰესებს” მართავს.