ახალი ამბები

“ინტერპაიპი“ არასწორად წარმართულ პრივატიზაციაზე საუბრობს

უკრაინული კომპანია “ინტერპაიპის“ ხელმძღვანელობა, რომელმაც “ჭიათურმანგანუმის“ და “ვარციხეჰესის” ერთობლივი პაკეტის შესყიდვაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე არასწორად ჩატარებულ პრივატიზაციაზე და “ორმაგ თამაშზე” საუბრობს, თუმცა კონკრეტიკისაგან თავს იკავებს.  


“18 იანვრის 22:00 საათამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ლიდერობდა “ინტერპაიპი“ და რუსული კომპანია “ევრაზიაჰოლდინგი“, ნახევარ საათში კი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასგან ცნობილი გახდა ახალი განაცხადების შეტანის თაობაზე, რის შემდეგაც ჩვენ უარი ვთქვით ასეთ საპრივატიზაციო პროსესში მონაწილეობაზე”, განაცხადა “ინტერპაიპის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ იგორ იაროსლავეცმა 19 იანვარს.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 19 იანვარს განაცხადა, რომ რუსული კომპანია “ევრაზჰოლდინგისა” და ქართულ-ავსტრიული კომპანია “DMC ფეროს” ერთობლივი შეთავაზების შედეგად ამ ჯგუფმა მოიპოვა “ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხე ჰესების კასკადის საპრივატიზაციო პაკეტის შეძენის უფლება, რაშიც ეს ჯგუფი 132 მლნ აშშ დოლარს იხდის.


“ინტერპაიპის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის იგორ შლონსკის განცხადებით, კომპანიამ “ჭიათურმანგანუმის“ შეძენის სურვილი ჯერ კიდევ 2004 წლის ივლისში გამოთქვა და ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქართულ მხარესთან.
 
“ჩვენ, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებმაც საპრივატიზაციო განაცხადებში მხოლოდ თანხის ოდენობა მიუთითეს, წარმოვადგინეთ დეტალურად გაწერილი გეგმა. “ჭიათურმანგანუმში“ ჩვენ 117 მლნ დოლარს ვიხდიდით, ასევე გვსურდა 20 მლნ დოლარად ფეროშენადნობი ქარხნის შესყიდვაც, რაზეც უარი გვითხრეს”, განაცხადა იგორ შლონსკიმ.
 
“ინტერპაიპის“ ხელმძღვანელობა თავს იკავებს შეფასებებისაგან და აცხადებს, რომ “ამით საქართველოში მათი ბიზნესინტერესები არ იწურება”.
 

Back to top button