ახალი ამბები

მოსკოვი მზადაა ქართულ-აფხაზურ დიალოგის განახლებაში მედიატორის ფუნქცია შეასრულოს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 14 იანვარს განაცხადა, რომ აფხაზეთში საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მთავარი ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებაა.
 
“ეს სიტუაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების განახლების საფუძველს იძლევა. ამ მიზნით რუსეთი გააგრძელებს თავის საშუამავლო მცდელობებს”,  განაცხადა იაკოვენკომ.


მისი თქმით, ამ ეტაპზე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა სხვადასხვა მიმართულებით, “მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც”.


ხმათა 91%-ით არჩეულმა სერგეი ბაღაფშმა უკვე გამოხატა მზადყოფნა ქართულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს “მხარეთა თანაბარუფლებიანობის პრინციპზე”.


“თუ თბილისი კონფლიქტის მოგვარების სერიოზულ წინადადებებს შემოგვთავაზებს, ჩვენ მზად ვართ მათი განხილვისთვის”, განაცხადა ბაღაფშმა.


დიალოგის სურვილი გამოთქვა ასევე საქართველოს ხელისუფლებამაც. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხდა, რომ თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო წინადადებებს იანვარში წარმოადგენს. 


 

Back to top button