ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთში რუსული კადრების მოსვლას აპროტესტებს

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში რუსეთის კადრების დანიშვნა, რაც რუსეთის მხრიდან “ანექსიად” შეაფასა.

მინისტრის ინფორმაციით, 17 იანვარს ცხინვალმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად რუსეთის მოქალაქე ანატოლი იაროვოი დანიშნა, რომელიც მანამდე   მორდოვის ავტონომიური რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო.

“[სამხრეთ ოსეთში]თავდაცვის მინისტრიც (ანატოლი ბარანკევიჩი) რუსია, მალე უნდა ველოდოთ, რომ მთელი მთავრობა რუსეთის მიერ იქნება დანიშნული. ეს უკვე რუსეთის მხრიდან ჩარევა კი არა, ანექსიაზე მეტია, სიტყვები არ გვყოფნის ამის შესაფასებლად“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

17 იანვარს სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. კერძოდ, ამ ინფორმაციით თანახმად, დაინიშნა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი – არკადი ქელეხსაევი.

თუმცა, სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ახალი მეთაურის დანიშვნის შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button