
მთავრობა საპრივატიზაციო წინადადებების განხილვას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შესყიდვის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა, ხოლო “ჭიათურმანგანუმის“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივი პაკეტით შესყიდვის სურვილი – ოთხმა კომპანიამ.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 11 იანვარს საღამოს 6 საათზე ამოიწურა.
“ახლა სპეციალური სამთავრობო კომისია დაიწყებს კომპანიების მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვას და საღამოს 9 საათზე გაიმართება კიდევ ერთი პრეს-კონფერენცია, სადაც გაცნობებთ ამ წინადადებების თაობაზე“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ბრიფინგზე, რომელიც წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურიდან რამოდენიმე წუთში გაიმართა.
ჟვანიამ არ ჩამოთვალა ის კომპანიები, რომლებმაც განაცხადები შეიტანეს, თუმცა მანამდე ცნობილი იყო, რომ კვიპროსის საინვესტიციო კომპანიამ Schoeller Holdings Ltd, ბრიტანულმა Marine Capital Limited, ავსტრალიურმა ASP Ship Management Pty Ltd, „გრინოუქ გრუფმა“, რუსულმა “პრომიშლენნი ინვესტორ“, ასევე თურქულმა და იტალიურმა კომპანიებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს საზღვაო სანაოსნო კომპანიის პრივატიზებაში.
ზურაბ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინულმა, ავსტრიულმა, ბრიტანულმა და უზბეკურმა კომპანიებმა დაინტერესება გამოხატეს “ჭიათურმანგანუმის“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზებაში.
“შეიძლება ითქვას, რომ პრივატიზაციის პროცესი წარმატებული იყო, რადგანაც უფრო მეტი წინადადებები მივიღეთ, ვიდრე ველოდით“, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.