ახალი ამბები

მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

პარლამენტმა 27 დეკემბერს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ახალი კაბინეტის სამოქმედო გეგმა 133 ხმით 7 წინააღმდეგ დაამტკიცა. ბოლო ცვლილება მთავრობაში სულ რაღაც ექვსი თვის წინ, ივნისში განხორციელდა.

ცვლილებების შედეგად ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა და უშიშროების გაერთიანებულ სამინისტროს უხელმძღვანელებს.


ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა. მან ამ პოსტზე გიორგი ბარამიძე შეცვალა. 

გიორგი ბარამიძემ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. იგი ამავდროულად შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორის ურთიერთობებს.

ეკონომიკის განვითარების ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრი გახდა, რომლის ძირითადი ფუნქცია ეკონომიკურ რეფორმებზე კონცენტრირება იქნება. 

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ბენდუქიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალექსი ალექსიშვილმა შეცვალა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძის თანამდებობა მიხეილ სვიმონიშვილმა დაიკავა.

დანარჩენმა მინისტრებმა შეინარჩუნეს თავიანთი თანამდებობები:

სალომე ზურაბიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი;
გიორგი პაპუაშვილი – იუსტიციის მინისტრი;
ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი;
კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
გოკა გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი;
ეთერ ესტემიროვა – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
თამარ ლებანიძე – გარემოს დაცვის მინისტრი;
გოგა ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შემცირდა სახელმწიფო მინისტრების რიცხვიც. 

ხუთის ნაცვლად ოთხი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დარჩა. თვითმმართველობისა და რეგიონული მართვის სფეროში სახელმწიფო მინისტრის პოსტი (რომელიც ზურაბ მელიქიშვილს ეკავა) გაუქმდა.

სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება ოსი ეროვნების ზინაიდა ბესტაევა. მან ამ თანამდებობაზე გურამ აბსანძე შეცვალა.

მთავრობის ახალი შემადგენლობისა და მისი სამოქმედო გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ “ახალი მინისტრების დანიშნვა არ ნიშნავს კურსის ცვლილებას”.

მისი თქმით, 2005 წლისათვის უნდა დასრულდეს სტრუქტურული ცვლილება მმართველობით რგოლში და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ბიუროკრატია.

მისი თქმით, მომდევნო ორ წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავდაცვისუნარიანიბის განმტკიცებას, რათა “2 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავდეს სულ სხვა დონეზე გაწრთვნილი არმია, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას სულ უფრო რეალურს გახდის”.

მისი თქმით, ასევე პრიორიტეტული იქნება სასამართლო რეფორმის გატარება და ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის წინააღმდეგ გამოვიდა ოპოზიციონერ პარლამენტართა მცირე ჯგუფი “რესპუბლიკური პარტიიდან”, “ახალი მემარჯვენეები-მრეწველებიდან” და ასევე ახლადშექმნილი “კონსერვატორული პარტიიდან“.

ოპოციზიამ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ადამიანის უფლებების „ფართომასშტაბიანი“  დარღვევებისა და “მასობრივი უკანონო დაპატიმრებების“ გამო გააკრიტიკა.

“ახალმა მემარჯვენეებმა“ მთავრობა აგვისტოში “სამხრეთ ოსეთში წარუმატებელი კამპანიის“ გამო გააკრიტიკეს, როდესაც ქართულ ჯარებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკება მოხდა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს, წარსულშია დარჩენილი.

მსგავსი/Related

Back to top button