
პრივატიზაცია აქტიურ ფაზაში შედის
ბოლოდროინდელი საპრივატიზაციო გარიგებები
საქართველოს მთავრობა მომავალ წელს რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს, მათ შორის კომპანია “საზღვაო სანაოსნოს”, “ჭიათურმანგანუმის“ და “ვარციხეჰესის”, პრივატიზებიდან 200 მილიონი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა უმსხვილეს საპრივატიზაციო კონტრაქტს “გრინოუქ გრუფ”-თან შპს “ოუშენ შიფინგის,” იგივე “საზღვაო სანაოსნოს” 107 მილიონ დოლარად მიყიდვის თაობაზე. თუმცა, შეთანხმება წინასწარია. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ კომპანიის შესყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც 27 დეკემბრამდე განაცხადებს, რომ 107 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდის.
ცალკე საპრივატიზაციო პაკეტშია გაერთიანებული “ჭიათურმანგანუმი“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური, რადგანაც ჭიათურის მაღაროები ელექტროენერგიას ვარციხის ჰიდროელექტროსადგურიდან იღებენ.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას თქმით, უკრაინულმა კომპანია “ინთერპაიპმა“, ავსტრიულმა “DCM”-მა და ყაზახურმა კომპანიამ დაინტერესება გამოხატეს ერთიანი პაკეტის შესყიდვის თაობაზე. თუმცა, 24 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ყაზახეთის კომპანია პრივატიზაციაში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
10 იანვარს იწურება ბოლო ვადა, როცა პოტენციურმა მყიდველებმა თავიანთი წინადადებები უნდა წარადგინონ. “11 იანვარს ჩვენ საჯაროდ გავხსნით იმ კონვერტებს, რომელშიც იქნება ამ პაკეტის შეძენის მსურველთა წინადადებები და პრესის თანდასწრებით გავეცნობით მათ პირობებს”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ავსტრიულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი საწარმოთა 100 მლნ აშშ დოლარად შეძენის თაობაზე.
“ავსტიულმა კომპანიამ თავისი განზრახულობის დასადასტურებლად 10 მლნ აშშ დოლარის წინასწარ დეპონირებაც მოახდინა [თუმცა ამ თანხას საქართველოს ოფიციალური პირები გარიგების დასრულებამდე ვერ გამოიყენებენ]”, დასძენს ჟვანია.
2003 წელს “DCM”-მ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა “ჭიათურმანგანუმის“ პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც “ჭიათურმანგანუმის“ და “ვარციხეჰესის” პაკეტით დაინტერესება გამოხატა, უკრაინული კომპანია “ინთერპაიპია“, რომლის მფლობელიც გავლენიანი უკრაინელი ბიზნესმენი და უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძე ვიქტორ პინჩუკია.
“ჩვენ შევქმენით ნამდვილი კონკურენციის პირობები, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს”, განაცხადა ჟვანიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, წარმოადგენს საინვესტიციო გეგმებს, დასაქმების პერსპექტივებს და განვითარების კონცეფციას.
15 მილიონი დოლარი სამთავრობო რეზიდენციაში
საქართველოს მთავრობა დამატებით 15 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავს კიდევ ერთი საპრივატიზაციო გარიგებიდან, კერძოდ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის გაყიდვიდან.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ნიუ-იორკელ ბიზნესმენთა ჯგუფი დაინტერესდა კრწანისის რეზიდენციის შესყიდვით. ეს რეზიდენცია რამდენიმე აპარტამენტს, საკონფერენციო დარბაზს და 44 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს.
კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია ოფიციალური შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქ მისი რეზიდენცია იყო განთავსებული. ექს-პრეზიდენტი კვლავ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა მისი აპარტამენტები საპრივატიზაციო გარიგებაში არ შედის.
“თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც 15 მილიონ დოლარზე მეტს შემოგვთავაზებს, მათ შეუძლიათ მოგვმართონ სამი დღის განმავლობაში [საპრივატიზაციო გარიგებების ვადა 26 დეკემბერს იწურება] და შეიძინონ ის“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
პრიორიტეტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა იმ 200 მლნ აშშ დოლარს, რომელსაც 2005 წელს პრივატიზაციიდან ელოდება, მოახმარს ჯარის მშენებლობას, ენერგეტიკას და გზების მოწესრიგებას.
“ჩვენ მომავალ წელს უნდა მივიღოთ სულ ცოტა 200 მლნ აშშ დოლარი [პრივატიზაციიდან] და როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ თანხის ნაწილი არმიას მოხმარდება”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაცია ასევე იქნება პრიორიტეტი. “ჩვენ დაგვჭირდება ათობით მილიონი დოლარი, რათა ვუზრუნველყოთ სრული ენერგომომარაგება 2005 წლის შემოდგომისათვის”, აღნიშნა ჟვანიამ.
“მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველომ თავად უნდა აწარმოოს 1.800 მგვტ ელექტროენერგია. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც საქართველო ახალი წლის ღამეს მოიხმარს”, დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრივატიზაციიდან შემოსული თანხების ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
თუმცა, პრივატიზებიდან შემოსული თანხების განკარგვის ზუსტი ციფრები ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის და არც 2005 წლის ბიუჯეტის პროექტშია ასახული.