
პარლამენტი 2005 წლის ბიუჯეტს განიხილავს
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინა, თუმცა დეპუტატები ბიუჯეტს 28 დეკემბერს მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც მთავრობა მათ შენიშვნებს საბოლოოდ გაითვალისწინებს.
2005 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან ხარჯებს შემოსავლებთან ერთად დააბალანსებს დეფიციტის შევსების წყაროები, რომელიც 314.9 მლნ ლარით არის განსაზღვრული. გრანტების სახით ბიუჯეტში 134.4 მლნ ლარია გათვალისწინებული.
მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6% უნდა შეადგინოს, ხოლო ლარის საშუალო გაცვლითმა კურსმა – 1.8 ლარი ერთ აშშ დოლართან მიმართებაში.
ბიუჯეტის პროექტით მთავარი პრიორიტეტი თავდაცვისა და სოციალური სფეროები იქნება. ყურადღება მიექცევა ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგოსისტემის განვითარებას და გზების მშენებლობას.
თავდაცვის სამინისტროს 126 მლნ ლარი გამოეყოფა, თუმცა ზურაბ ჟვანიას განცხადებით, “დამატებითი საპრივატიზაციო გეგმის მიხედვით, საიდანაც მთავრობა 200 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს ვარაუდობს, დაახლოებით 80 მლნ ლარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ქართული ჯარის მშენებლობას მოხმარდება”.
მომავალი წლის პირველი 6 თვის მანძილზე დაიფარება 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალი, რითაც “საბოლოოდ დაესმება წერტილი გაუცემელი ხელფასებისა და პენსიების თემას”, აცხადებს ჟვანია.
მისი თქმით, ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირების თანახმად 14 ლარიანი პენსია გაორმაგდება და 28 ლარი გახდება, ხოლო მინიმალური ხელფასი “ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში” 115 ლარს გაუტოლდება.
ამას გარდა გათვალისწინებულია სიღარიბის დაძლევის პროგრამის ამოქმედება, რომლითაც 600 ათასამდე უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეს, რომლის შემოსავალიც 60 ლარს არ აღემატება 61 მლნ ლარი გაუნაწილდებათ.
მომავალ წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 31.8 მლნ ლარით; იუსტიციის სამინისტრო – 40.5 მლნ ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 129.2 მლნ ლარით; სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო – 26.6 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტრო –755,6 მლნ ლარით; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 558.4 მლნ ლარით; ენერგეტიკის სამინისტრო – 119.5 მლნ ლარით; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – 95,3 მლნ ლარით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 69.3 მლნ ლარით; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო- 60.2 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 119.5 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 25.5 მლნ ლარით და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 34.0 მლნ ლარით დაფინანსდება.