
ჯარისკაცებმა “მძიმე სოციალური პირობები“ გააპროტესტეს
ხელისუფლება ინციდენტის უკან “სხვა მიზეზებს” ხედავს
საქართველოს ხელისუფალთა თქმით, “ინციდენტი” შინაგანი ჯარის ათობით ჯარისკაცის ამბოხთან დაკავშირებით “ამოწურულია”, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგანი ჯარის 60-მდე ჯარისკაცმა მუხროვანის სამხედრო ბრიგადა თვითნებურად 20 დეკემბერს დატოვა და თბილისში ომბუდსმენის ოფისის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არმიაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
“ჩვენ არაფერი არ გვაქვს, არც ტანსაცმელი, არც საკვები, საშინელ პირობებში ვართ“, განაცხადა ლევან ჩიჩოგიძემ, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ “მუხროვანის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება დეტალების დადგენის მიზნით“.
“მე შევხვდები ამ ჯარისკაცებს და საკმაოდ მკაცრად დაველაპარაკები“, დასძინა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც პარლამენტი სულ მალე ერთიანი კაბინეტის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცებს, განაცხადა რომ “მეტი იდეოლოგიური მუშაობის“ გატარებაა საჭირო ჯარისკაცებთან.
“მათ უნდა ესმოდეთ, რომ არმიაში უნდა გაუძლონ ცივ ზამთარსაც და ნებისმიერ პირობებსაც “, დასძინა მან.
მანამდე 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილმა, მეამბოხე ჯარისკაცებზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ყველა მათგანი დაისჯება“.
ჯარისკაცების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ასევე თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით სამხედრო ნაწილებში მათი გადანაწილება. “მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო მათი სახლია“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამჟამად, მეამბოხე ჯარისკაცები თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში იმყოფებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასევე დაგმეს დეზერტირობის ფაქტი.
“ასეთ დროს კატეგორიული მოთხოვნაა ნებისმიერი ჯარისკაცის და ოფიცრის კანონოთ გათვალისიწნებული ზომებით დასჯა”, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
“ის, რომ ჯარისკაცებს პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება სურთ, გასაგებია, მაგრამ ობიექტური რეალობაც უნდა დაინახონ, თუ რა პირობებში იყვნენ ადრე და დღეს რა პირობები აქვთ”, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, პირობები არმიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ “უდისციპლინო და დაუმორჩილებელი” ჯარისკაცები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მუხროვანის სამხედრო ნაწილი ცოტა ხნის წინ გაარემონტეს და სათანადოდ აღჭურვეს. განახლებული სამხედრო ნაწილის გახსნის ცერემონიას სექტემბერში პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.
20 დეკემბერს შინაგანი ჯარის მეთაურმა გოგი თათუხაშვილმა ქართველი ჟურნალისტები ახლადგარემონტებული ნაწილის დასათვალიერებლად მუხროვანში მიიპატიჟა.
“თქვენი თვალით ნახავთ, რომ პირობები აქ არც ისე საშინელია, როგორც ჯარისკაცები აღწერენ. მათი პროტესტის მიზეზი რაღაც სხვაა, რაც გამოძიების პროცესში გაირკვევა“, განუცხადა გოგი თათუხაშვილმა ჟურნალისტებს.
ეს უკვე გასული ოთხი წლის განმავლობაში ქართულ არმიაში მომხდარი მეოთხე ინციდენტია . თითოეულის მოტივაცია სოციალური პრობლემები იყო.
ეროვნული გვარდიის ათობით ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ გასული წლის მარტში თბილისში განლაგებული სამხედრო ნაწილი დაიკავა და ვეტერანი ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება მოითხოვა.
2002 წლის ივლისში კომანდოსა და კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონების ასამდე ოფიცერმა ჯარიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა. ისინი ქართულ არმიაში მძიმე სოციალურ პირობებს და კორუფციას აპროტესტებდნენ.
2001 წლის მაისში მუხროვანის სამხედრო ნაწილში განლაგებულმა ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ასევე სოციალური მოთხოვნებით ამბოხება მოაწყვეს. მოგვიანებით, ამ ინციდენტს “მუხროვანის ამბოხება“ ეწოდა.
ყველა მეამბოხე შეიწყალეს, გარდა ეროვნული გვარდიის იმ სამხედროებისა, რომელთაც გასულ მარტს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი დაიკავეს თბილისში.