
სააკაშვილი ეროვნულ უმცირესობათა თანამდებობებზე დანიშვნას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა “სამთავრობო პოლიტიკის” რანგში უნდა იქნეს აყვანილი, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში.
“ეროვნული უმცირესობები, რომლებიც ასევე არიან საქართველოს პატრიოტები, უფრო ფართოდ უნდა იყვნენ სამინისტროებში წარმოდგენილნი, ვიდრე დღეს არის”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 17 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ზინაიდა ბესტაევას სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა არის გზავნილი იმისა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, მისი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, შეიძლება დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე.
ცოტა ხნის წინ ოსი ეროვნების ზიანიდა ბესტაევა სახემწიფო მინისტრი გახდა, მანამდე კი იგი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ადგილობრივი თვითმართველობისა და რეგიონული მართვის სფეროში.