
სააკაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფართო ფედერალურ სტატუსს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 17 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირებაში არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკურ პარტიების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.
“თუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში მათი სტატუსის განსაზღვრაზე უარს აცხადებს, მაშინ უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თუნდაც მცირე პარტიების დონეზე, რათა მათ თავის მხრივ მსგავსი მოლაპარაკებები აფხაზ და ოს კოლეგებთან აწარმოონ”, განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს კონკრეტული წინადადებები, “თუ რა სახის ფართო სტატუსს ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, სადაც ასევე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აფხაზებისა და ოსების სურვილები”, აცხადებს პრეზიდენტი და აქვე აკონკრეტებს, რომ საუბარია ფედერალურ მოწყობაზე.
“ჩვენ არ ვაპირებს შეგუებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევასთან, მაგრამ ამასთან არ დავუშვებთ მოვლენათა ძალადობრივი სცენარით განვითარებას”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
პრეზიდენტმა აფხაზებთან და ოსებთან საზოგადოებრივი მოლაპარაკებების კოორდინაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას,ხოლო თვითაღიარებულ რესპუბლიკების ფართო სტატუსის შესახებ კონკრეტული პროექტების მომზადება იუსტიციის მინისტრს გიორგი პაპუაშვილს დაავალა. საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმა 2005 თებერვლისათვის უნდა იყოს მზად.