skip to content
ახალი ამბები

ალიევი საქართველოსთან ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოში მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაჩერებასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება მაშინვე, როცა ბაქო დარწმუნდება, რომ ტვირთები სომხეთში არ მიემართება. ნოემბრიდან საქართველოსკენ მოძრავი 900-მდე ვაგონია გაჩერებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
 
“აზერბაიჯანი არ დაუშვებს ტვირთების აზერბაიჯანის ტერიტორიდან სომხეთში მოხვედრას”, აცხადებს 17 დეკემბერს “რია ნოვოსტი” ილჰამ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით.
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხს გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლება. “ვაგონების გაჩერება ზიანს აყენებს როგორც აზერბაიჯანს ისე საქართველოს, მაგრამ სხვა გზა არ არის“, დასძენს ალიევი.
 
დღესვე  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ილჰამ ალიევმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებითაც. 


“ამ საკითხებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუმცა იქ მცხოვრები აზერბაიჯანელები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი პატივისცემით უნდა მოეკიდნონ თავიანთი ქვეყნის კანონებს და არ დაუშვან პროვოკაცია”, განაცხადა ილჰამ ალიევმა.


“ჩვენ ვიცით ვინც არიან ის ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ხელოვნურად დაძაბვას, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ”, დასძენს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. 

Back to top button