skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ჟენევის შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს

ჟენევაში გაეროს ეგიდით 13-14 დეკემბერს გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი იქნა განხილული. თუმცა შეხვედრას ქართული და აფხაზური მხარეები არ დასწრებიან.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაცია ხელს შეუწყობს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენას.


შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პირველ რიგში საჭიროა მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.


“აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, დევნილების დაბრუნება და ეკონომიკური რეაბილიტაცია, პირველ რიგში 2003 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რაც აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის შეხვედრას აფასებს, როგორც მნიშვნელოვანს და აუცილებელს. მორიგი შეხვედრა 2005 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი.

Back to top button