
სააკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით გეგმავს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 დეკემბერს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებს განუცხადა, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას.
“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოლიტიკური საკითხია და ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას შიდა საკითხების მოსაგვარებლად“, განაცხადა მან ვანო მერაბიშვილის წარდგენისას, რომელიც პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალ სამინისტროს უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, ქართული მხარე შეძლებს “საერთო ენა გამონახოს“ აფხაზებთან და ოსებთან.
15 დეკემბერს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის სამინისტროში წარდგენისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დარჩება.
ამ განცხადებას აფხაზური მხარის გამოხმაურება მოჰყვა. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ვიაჩესლავ ეშბას თქმით, ოქრუაშვილს სამუდამოდ მოუწევს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენა.
“მე არ ვაპირებ აქ [მინისტრის თანამდებობაზე] სამუდამოდ დარჩენას, მაქსიმუმ ხუთი წელი“, განუცხადა ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 16 დეკემბერს ჟურნალისტებს.