
ბენდუქიძე – სახელმწიფო მინისტრი ფართო მანდატით
![]() |
"ეკონომისტმა" ბედუქიძეს "განსხვავებული ტიპის ოლიგარქი" უწოდა |
კახა ბენდუქიძემ, რომელსაც ერთ დროს გაზეთმა New York Times-მა “დიდი კაცი დიდი გეგმებით“ უწოდა, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა, საიდანაც ეკონომიკურ რეფორმებს გაუწევს კურირებას. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ეს საკადრო ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობაში ახლახანს განხორციელდა, ბენდუქიძისთვის დაქვეითებას ნიშნავს, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ “დიდი გეგმების” მქონე ბენდუქიძე ახალ თანამდებობას არ დათანხმდებოდა, ასე რომ ყოფილიყო.
თავად ბენდუქიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრის რანგში იგი სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირებას გაუწევს კურირებას.
“მე მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებზე არ ვიქნები პასუხისმგებელი. მე ასევე რეკომენდაციებს გავუწევ და გავაკონტროლებ სტრუქტურულ რეფორმებს სხვა სექტორებშიც, მაგალითად ენერგეტიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი ვიქნები ენერგომომარაგებაზე ან მსგავს საკითხებზე, მე რეკომენდაციებს გავუწევს იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც საჭიროდ ჩავთვლი სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია “202“-ის ეთერში 15 დეკემბერს.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ გარედან უკეთესად ჩანს, თუ რა არის გასაკეთებელი, ვიდრე “იმ სამინისტროს შიგნიდან, რომლის რეფორმირებასაც აპირებ“.
48 წლის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ივნისში დაინიშნა. მას რუსეთში "გაერთიანებული მანქანათმშენებლობის საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა. კახა ბენდუქიძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1990 წლიდან იგი რუსეთში კერძო ბიზნესის სექტორში მოღვაწეობდა.
“ეკონომიკის მინისტრის რანგში კახა ბენდუქიძე ბიუროკრატიულ პროცედურებში იყო ჩართული, რაც საკმაოდ უჩვეულოა მისნაირი ადამიანისთვის. ახლა, მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა, რათა კარდინალური რეფორმები გაატაროს. ეს საკითხი დღის წესრიგში მისი ჩამოსვლის პირველი დღიდანვე იდგა“, განაცხდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.
ამ მოსაზრებას “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილიც ეთანხმება.
“კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი სტრატეგი იქნება. მას ორი გზა აქვს: თუ ის დარჩება საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მთლიანად ჩაერთვება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავებაში და თუ ბენდუქიძეს ეს მანდატი არ მიენიჭება, მას აქ აღარაფერი ესაქმება“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
14 დეკემბერს მთავრობის რეორგანიზაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასევე აუწყა საზოგადოებას მთავრობაში ბენდუქიძის მზარდი როლის თაობაზე, აღნიშნა რა, რომ მას კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილება მიენიჭება რეფორმების გასატარებლად.
"ეს პოსტი [სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] არ იქნება სიმბოლური. მას ექნება პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი მანდატი ეკონომიკის ყველა სფეროში სწრაფი რეფორმების გასატარებლად“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
როდესაც ლიბერალი კახა ბენდუქიძე ივნისში საქართველოში ჩამოვიდა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, პირველი რაც განაცხადა იყო ის, რომ “ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, ნამუსის გარდა“. ეს დარტყმა აღმოჩნდა იმ ქართული სტერეოტიპისთვის, რომლის მიხედვითაც “სტრატეგიული” მნიშვნელობის ობიექტების გაყიდვა ტაბუირებული თემა იყო. ამ მოსაზრების გაჟღერება ყოველთვის რთული იყო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რადგან ეს არაპოპულარულად ითვლებოდა.
ბენდუქიძე კი ამგვარი პოლიტიკური ტვირთისგან თავისუფალი იყო. მან შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.privatization.ge, სადაც საპრივატიზაციოდ გამზადებულ საწარმოთა ნუსხა გამოქვეყნდა. აქ შეხვდებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტთა ფართო ჩამონათვალს დაწყებულს მსხვილი ქარხნებიდან დამთავრებულს თბილისში მდებარე "პროქტოლოგიის ცენტრით". მაგრამ საკმაოდ ვრცელი ნუსხიდან დღემდე მხოლოდ რამდენიმე საწარმოს გაყიდვა მოხერხდა, მათ შორისაა რამდენიმე სასტუმრო აჭარაში და “თბილავიამშენი“.
თუმცა, ბენდუქიძე პირობას იძლევა, რომ მისი რადიკალური, ულტრა-ლიბერალური რეფორმების შედეგად, “2007 წლისათვის ეკონომიკური ზრდა საქართველოში 12 %-ს მიაღწევს.”
ბევრსაც ბენდუქიძემ თავისი ხასიათით დაამახსოვრა თავი. ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბენდუქიძემ ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს “დებილი“ უწოდა, რადგანაც ამ უკანასკნელმა არ იცის, როგორ გაანაწილოს ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში.
თუმცა, მიუხედავად ბენდუქიძის არაორდინალურობისა, საქართველოს ხელმძღვანელობა მაინც საჭიროდ მიიჩნევს ეს “დიდი კაცი“ მთავრობაში იყოლიოს, რადგანაც ქვეყანას წინ დიდი გეგმები აქვს.