
სახეცვლილ მთავრობას პარლამენტი დაამტკიცებს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 დეკემბერს მთავრობის რესტრუქტურიზაციასა და საკადრო ცვლილებების გეგმებზე ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რითაც ბოლო მოეღო გასული კვირის განმავლობაში ამ საკითხებზე მედია საშუალებებით გავრცელებულ ვერსიებსა და მითქმა-მოთქმას. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი.
“ხელისუფლება ინარჩუნებს თავისი კურსის სტაბულურობასა და პროგნოზირებადობას, ჩვენ გვჭირდება შედეგი და უნდა ვიყოთ ამ შედეგზე ორიენტირებულნი”, ასე ახსნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები.
“ჩვენი უფლებაა მოვახდინოთ კორექტირება საკუთარ გუნდში, რათა იგი უფრო ადექვატური და ახალ რეალობებთან მორგებული გახდეს. თუკი ჩვენ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეცდომებს არ დავუშვებთ, საქართველოს ევროპურ სტრუქტურებში ინტეგრაცია 2006 წლისთვის რეალური გახდება”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინტეგრირდება.
“შეიქმნება პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგი გაერთიანებული სამინისტრო. ამ სამინისტროს დაექვემდებარება ავტონომიური სტრუქტურა – კონტრდაზვერვის სამსახური, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბოლო დროს საქართველოში უცხოური სადაზვერვო სამსახურების გააქტიურების ფონზე“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომლის კონსტიტუციური პრეროგატივაც არის ძალოვანი მინისტრების კანდიდატურების წარდგენა.
მისი თქმით, ახალ სამინისტროს უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს.
“ამ სტრუქტურული ცვლილებით ახალი მთავრობა დასავლური ტიპის მოდელზე გადადის და საბოლოოდ თავისუფლდება საბჭოური მოწყობის გადმონაშთისგან”, განაცხადა პრემიერ -მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდება.
“ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში გაკეთდა იმაზე მეტი, რაც გასული 10 წლის მანძილზე არ გაკეთებულა, მაგრამ არსებული ტემპები არ გვაკმაყოფილებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ შსს-ს წარმატებული მინისტრს, რომელმაც თავი ამ სფეროში სწრაფი რეფორმებით გამოიჩინა, ვგულისხმობ საპატრულო პოლიციის შექმნას, ჩავაბაროთ თავდაცვის უწყება, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულ კურსს გააგრძელებს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ პოსტზე გიორგი ბარამიძეს შეცვლის, ისევე როგორც ექვსი თვის წინ მან ბარამიძე შსს მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა.
გიორგი ბარამიძე, რომელიც ზურაბ ჟვანიას “დიდი ხნის თანამებრძოლია”, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. იგი ამავდროულად შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორის ურთიერთობებს.
“ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია”, განაცხადა ჟვანიამ.
ცვლილებები შეეხო ასევე მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ ბლოკსაც. ეკონომიკის განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრი გახდება, რომლის ძირითადი ფუნქცია ეკონომიკურ რეფორმებზე კონცენტრირება იქნება.
“ეს პოსტი [სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] არ იქნება სიმბოლური. მას ექნება პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი მანდატი ეკონომიკის ყველა სფეროში სწრაფი რეფორმების გასატარებლად“, დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ბენდუქიძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსი ალექსიშვილი შეცვლის, რომელიც სახელისუფლებო სტრუქტურებში არასამთავრობო სექტორიდან, კერძოდ კი “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციიდან” მოვიდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძის თანამდებობას მიხეილ სვიმონიშვილი დაიკავებს. ბიზნესმენი მიხეილ სვიმონიშვილი ცოტა ხნის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება ოსი ეროვნების ზინაიდა ბესტაევა, რომელიც აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მართვის დარგში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ცხინვალში დაბადებული და ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში მოღვაწე ბესტაევას ახალ პოსტზე დაწინაურებით, ხაზი გაესვა ხელისუფლების ინტერესს, რომელსაც ის ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით იჩენს.
“განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს”, აცხადებს ზურაბ ჟვანია.
მინისტრთა ახალ კაბინეტში სერიოზულად გადახალისდა სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი. კერძოდ, კაბინეტში იქნება ოთხი სახელმწიფო მინისტრი, ნავცლად მოქმედი ხუთისა. ერთადერთი სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც ახალ კაბინეტში თანამდებობა შეინარჩუნა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ორიენტირებული გოგა ხაინდრავაა.
რაც შეეხება ევროინტეგრაციული პოლიტიკის კოორდინატორ თამარ ბერუჩაშვილს, მცირე და საშუალო ბიზნესის კურატორს ჯამბულ ბაკურაძესა და ეროვნული თანხმობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გურამ აბსნაძეს, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, “სამივე მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს ხელისუფლებაში”. თვითმმართველობისა და რეგიონული მართვის სფეროში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მთავრობის ახალ სტრუქტურაში აღარ მოიაზრება.
არ გამართლდა წინასწარ გავრცელებული ხმები ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურისა და იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პოსტებს შეინარჩუნებენ ასევე ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის, ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მინისტრები.
თუმცა დეკლარირებულ საკადრო ცვლილებებზე აუცილებელია პარლამენტის თანხმობა, ვინაიდან მთავრობაში 1/3-ზე მეტი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში კონსტიტუცია ნდობის ვოტუმის ხელახლა გამოცხადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამინისტროების ოპტიმიზაციის ფარგლებში მთავრობა პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქრურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებსაც წარადგენს. სავარაუდოდ, მთავრობას მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციაში პარლამენტი ხელს არ შეუშლის.