
მთავრობაში ცვლილებების დეტალები ცნობილი გახდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 დეკემბერს მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმებზე გააკეთეს განცხადებები.
ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
“შეიქმნება პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაერთიანებული სამინისტრო. ამ სამინისტროს ფარგლებში შეიქმნება ავტონომიური სტრუქტურა – კონტრდაზვერვის სამსახური“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალ სამინისტროს უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდება. იგი ამ პოსტზე გიორგი ბარამიძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი კი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს და ამავდროულად გახდება ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორის ურთიერთობებს.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდება სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ეკონომიკურ რეფორმებს გაუწევს კურირებას.
“ეს პოსტი [სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში] არ იქნება სიმბოლური. მას ექნება პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი მანდატი ეკონომიკის ყველა სფეროში სწრაფი რეფორმების გასატარებლად“, დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსი ალექსიშვილი კახა ბენდუქიძეს შეცვლის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით შერვაშიძეს მიხეილ სვიმონიშვილი შეცვლის. ბიზნესმენი მიხეილ სვიმონიშვილი სულ ახლახანს დაინიშნა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად.