skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა კოკოითის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა ცხინვალის მხრიდან უახლოეს პერიოდში რაიმე სახის პროვოკაციას არ გამორიცხავს, გამომდინარე 8 დეკემბერს მოსკოვში მყოფი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებიდან, რომელმაც თბილისი “საომარი მოქმედებებისთვის მზადებაში დაადანაშაულა“.
 
ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოკოითის განცხადება უარყო და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესი ჩაშლილად შეაფასა. მისი თქმით, ქართული მხარე ასრულებს
სოჭში ჟვანია-კოკოითს შორის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.
  
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული მხარის დაქვემდებარებაში არსებული სანგრები გაუქმებულია, არც ერთი სამხედრო შენაერთი არ არის, გარდა სამშვიდობოებისა და ისინიც ქართული სოფლების გარშემო პერიმეტრზე არიან განლაგებული“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
მისი თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ბატალიონის მომზადებით “ქართული მხარე არანაირ ხელშეკრულებას არ არღვევს“.
 
სახელმწიფო მინისტრმა  პროტესტი გამოთქვა ასევე რუსეთის სათათბიროში ფრაქცია “როდინას“ ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომლითაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ავტონომიური რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების პროცედურები მარტივდება, თუ ამის სურვილს თავად ავტონომიები გამოთქვამენ.


8 დეკემბერს ფრაქცია “როდინას” წევრებთან შეხვედრისას ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თაობაზე .  

Back to top button