skip to content
ახალი ამბები

ჟვანია თინა ხიდაშელის კრიტიკას პასუხობს

International Herald Tribuneში 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უარყოფს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის კრიტიკას და მას “მცდარს“ და “არაზუსტს“ უწოდებს.

იმავე International Herald Tribuneში 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში თინა ხიდაშელმა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეა და ამჟამად აშშ–ში იელის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფება, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისა და მედიაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკა.

თინა ხიდაშელი, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგეთა რიცხვს განეკუთვნებოდა, საქართველოს ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს და მას ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

თუმცა, ხიდაშელი ამავე დროს დასძენს, “ჩვენ უნდა ვაიძულოთ ლიდერები, რომ ანგარიშვალდებულნი იყვნენ ჩვენს წინაშე და დავიწყოთ ენერგიული მუშაობა დემოკრატიის მშენებლობისთვის. მე მჯერა, რომ [პრეზიდენტ მიხეილ] სააკაშვილს შეუძლია და სურვილიც აქვს ეს გააკეთოს“.

“ერთი წლის თავზე რევოლუციის დაპირებებმა გაქრობა დაიწყეს. ამომრჩევლის უზარმაზარი მანდატით აღჭურვილმა სააკაშვილმა ხელისუფლების კონსოლიდაცია დაიწყო. განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც პარლამენტის როლი საგრძნობლად დაკნინდა, ხოლო პრეზიდენტს მიეცა იმდენი უფლებები, რამდენიც არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ აქვს ქვეყნის მეთაურს,” წერს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის კრიტიკამ, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი იზიარებს, აიძულა მაშინ აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 11 დეკემბერს იმავე გაზეთის მეშვეობით გაეცა პასუხი.

“საქართველოს მთავრობა მიესალმება კრიტიკის ყველანაირ ფორმას. ჩვენ გვჯერა, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია… ამავე დროს, თინათინ ხიდაშელის ბოლო სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი პრეტენზია მცდარია და ზოგჯერ არაზუსტიც“, წერს ზურაბ ჟვანია.


“საქართველოს მთავრობა მზად არის დაიცვას და მხარი დაუჭიროს თავისუფალ მედიას – ის რომ, ჩვენ გვაქვს ხუთი ეროვნული და 25 რეგიონალური სატელევიზიო არხი ხუთმილიონიან ქვეყანაში ჩვენი მიღწევა და სიამაყის საფუძველია“, დასძენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ღიად გამოთქვამს ახალი ხელისუფლებისადმი იმედგაცრუებას. სამოქალაქო საზოგადოების თოთხმეტმა წარმომადგენელმა 18 ოქტომბერს ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ისინი განსხვავებული აზრისადმი ხელისუფლების შეუწყნარებლობას აპროტესტებდნენ.

თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას უცხოური პრესის მეშვეობით აკრიტიკებს. ზურაბ ჟვანიას საპასუხო სტატია მოსალოდნელიც იყო, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს მის მიმართ მედიის მეშვეობით გამოთქმულ შენიშვნებზე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ასეთი კრიტიკა უცხოურ პრესაში ჩნდება.

Back to top button