skip to content
ახალი ამბები

ჟენევაში მოლაპარაკებები ქართული და აფხაზური მხარეების გარეშე მიმდინარეობს

ჟენევაში 13 დეკემბერს გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის თაობაზე ორდღიანი მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მასში არც ქართული, არც აფხაზური მხარები მონაწილეობას არ იღებენ.


“ქართული მხარე მზად იყო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, ჩვენ, რუსულ მხარეს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიღება“, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ 13 დეკემბერს.


მოლაპარაკებებში მონაწილებას იღებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი – გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და  ამერიკის შეერთებული შტატები – და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.


განხილვის მთავარი თემაა აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და კონფლიქტის მოგვარების შემდგომი პერსპექტივები.


“რა თქმა უნდა, აფხაზური მხარის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც აირჩევა ახალი პრეზიდენტი და ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა“, აცხადებს ლოშჩინინი.


მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების შემდგომი სხდომა 2005 წლის მარტში გაიმართება, რომელშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარეები. შეხვედრაზე განიხილება უსაფრთხოების, ნდობის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები. “აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი კვლავ ერთ-ერთ ურთულეს საკითხად რჩება“, დასძენს ლოშჩინინი.   

Back to top button