skip to content
ახალი ამბები

თსუ ახალ რექტორს ირჩევს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დიდი სამეცნიერო საბჭო 13 დეკემბერს ახალ რექტორს აირჩევს.


რექტორობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში რუსუდან ლორთქიფანიძე, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტ კანდიდატად ითვლება.


თსუ-ს ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი, რომელიც უნივერსიტეტს სათავეში ბოლო 13 წლის მანძილზე ედგა, 1 ოქტომბერს კორუფციაში მის მიმართ ბრალდებებისა და ხელისუფლების ზეწოლის შედეგად თანამდებობიდან გადადგა.


მეტრეველის გადადაგომის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსუდან ლორთქიფანიძე მეტრეველის საუკეთესო შემცვლელი იქნებოდა.


პრეზიდენტის უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევამ თსუ-ს სტუდენტთა ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რომელთა უმრავლესობას ყოფილი რექტორის მხარდამჭერები წარმოადგენენ.

სტუდენტთა ეს ნაწილი ასევე ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით, მიმართულია იმ კორუფციული სისტემის წინააღმდეგ, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს.


სტუდენტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან განათლების რეფორმის მთავრობისეულ კურსს, აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეფორმა “ძირს უთხრის ქართულ ეროვნულ მენტალიტეტს და თვითმყოფადობას” და მოითხოვენ მათ მიერ “სოროსის აგენტად” მონათლული განათლების მინისტრის კახა ლომაიას გადადგომას. განათლების მინისტრობამდე კახა ლომაია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელი იყო.


რეფორმის მოწინააღმდეგე სტუდენტებმა რექტორობის საკუთარ კანდიდატურად პროფესორი მიხეილ ქურდიანი დაასახელეს.

Back to top button