skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ელჩი რუსეთში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის იდეას ეხმაურება

საქართველოს ელჩმა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ანტიტერორისტულ ცენტრებად გადაკეთება “ძალიან საინტერესო იდეაა”, თუმცა დასძინა, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგების საჭიროება არ არის და თბილისი კვლავაც მოითხოვს მათ გაყვანას.


“იმ ამოცანებისათვის, რომელიც რუსეთისა და საქართველოს წინაშე დგას, ანტიტერორისტული ცენტრების შექმნა ძალიან საინტერესო იდეაა, თბილისი ამ წინადადებას განიხილავს”, იუწყება “ინტერფაქსი” ჩეჩელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სეგეი ივანოვმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები შესაძლოა ქართულ-რუსულ ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრებად ტრანსფორმირდეს.


თუმცა ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ ორი ანტიტერორისტული ცენტრი “ძალიან ბევრი იქნება”. მისი თქმით, ბათუმში ერთი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ყველაზე მისაღები იქნება.


“ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამ ანტიტერორისტული ცენტრის ფუნქციებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ისევე როგორც მის საბრძოლო ელემენტზე”, განაცხადა ელჩმა.


“ეს იქნება ერთობლივი ცენტრი და არა რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე”, ხაზგასმით აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

Back to top button