
რუსეთის სათათბიროში შეტანილი კანონპროექტი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება
საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეტანილია კანონპროექტი, რომელითაც მარტივდება ყოფილი საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების პროცედურები, თუკი ისინი ასეთ სურვილს გამოთქვამენ.
სათათბიროს ფრაქცია “როდინას” ლიდერი დიმიტრი როგოზინი, რომლის ფრაქციის ინიციატივითაც მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი, აცხადებს, რომ “კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები აღარ იარსებებს”.
8 დეკემბერს მოსკოვში მყოფმა ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ფრაქცია “როდინას” წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი არ კარგავს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების იმედს”. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს ფედერაციაში გაერთიანების თხოვნით არაერთხელ მიმართა.