ახალი ამბები

საქართველო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შესაძლო შეწყვეტაზე შეშფოთებას გამოთქვამს






ეუთოს 150 უიარაღო დამკვირვებელი
საქართველო-რუსეთის საზღვრის ყველაზე რთულ,
280 კმ-იან მონაკვეთს უწევს მონიტორინგს.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კორნელი სალიამ 10 დეკემბერს შეშფოთება გამოთქვა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისიის მანდატი მიმდინარე წლის დეკემბერის ბოლოს  იწურება, ხოლო რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ვადის გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
 
“მონიტორინგის გარეშე საზღვარი არ უნდა დარჩეს”, აცხადებს სალია და ამის მრავალ მიზეზს ასახელებს.
 
“უპირველესად, ეუთოს საზღვრის მონიტორინგი ეფექტური საშულებაა თავიდან ავიცილოთ რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოში ბოევიკების არსებობის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეეფერება.  ამას გარდა, ქართველი მესაზღვრეებისათვის, რომელთა შესაძლებლობებიც ფინანსების სიმწირის გამო შეზღუდულია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერა, რასაც ეუთოს მისია გვიწევს”, აცხადებს კორნელი სალია “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.
 
“სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით რუსეთის პოზიციის გამო მისიის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, თუმცა სალომე ზურაბიშვილის [საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის] სოფიაში და ბრიუსელში ვიზიტებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოჰყვა, რამაც იმედები გააჩინა”, აცხადებს სალია.
 
მისი თქმით, გაუგებარია რუსეთის საწინააღმდეგო პოზიცია ეუთოს მონიტორინგის მიმართ, რომელიც სასარგებლოა როგორც ქართული, ისე რუსული მხარისათვის საზღვრის უკეთ კონტროლის თვალსაზრისით.  თუმცა შესაძლოა “მათ [რუსებს] არ აწყობთ ის, რომ ეუთო აფიქსირებს სახმელეთო და საჰაერო საზღვრის დარღვევის თითოეულ ფაქტს”, დასძენს სალია.
 
“რუსეთმა ასეთი პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც ქართულმა მხარემ ამ მისიის მანდატის სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გაფართოვების საკითხი დააყენა”, აღნიშნავს სალია.
 
7 დეკემბერს სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ქართული დელეგაციის მოთხოვნას ეუთოს მონიტორინგის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
 
“საქართველოში ეუთოს მიერ საზღვრის მონიტორინგი ხელს უწყობს საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებას და მისი მანდატი ერთი წლით უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისიას თავისი საქმიანობისთვის საჭირო მხარდაჭერა და რესურსები აქვს”, განაცხადა კოლინ პაუელმა 7 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
 
თუმცა წინააღმდეგი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, “ეუთოს მისიამ უკვე შეასრულა თავის მიზანი”.
 
10 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მზად არის ებრძოლოს ტერორისტულ დაჯგუფებებს. იმავე დღეს, რუსული გაზეთი “ნეზავისიმაია გაზეტა“ აცხადებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთი “მზად არის გაანადგუროს უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებული ტერორისტული ბაზები“. გაზეთის ვარაუდით, ეს ღონისძიება პირველ რიგში პანკისის ხეობას შეეხება.
 
“ერთი [რუსეთის საგარეო საქმეთა] მინისტრი ამბობს, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიამ უკვე შეასრულა თავისი ამოცანა, მეორე [რუსეთის თავდაცვის] მინისტრი პრევენციულ დარტყმებზე საუბრობს. ჩვენ სწორედ ამისთვის გვჭირდება ეუთოს მონიტორინგის მისია, რომ ეს დარტყმები თავიდან ავიცილოთ“, განუცხადა 10 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ბრიუსელიდან.
 
150-მდე უიარაღო დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს ახორციელებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 280-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა დააკვირდნენ და აღმოჩენის შემთხვევაში განაცხადონ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების შესახებ.
 
ეუთოს მისიის განხორციელება 1999 წელს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის 82-კილომეტრიანი მონაკვეთის პატრულირებით დაიწყო, რასაც წინ უძღოდა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებები შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე. საზღვრის ჩეჩნეთის სექტორში ეუთოს მისიის 3 ძირითადი საგუშაგო მოქმედებს.
 
საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა გაეფართოებინა მონიტორინგის მისია ინგუშეთის 58-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც ამჟამად 2 საგუშაგო მოქმედებს. ხოლო 2002 წლის დეკემბერში ეუთომ კვლავ გააფართოვა მონიტორინგის მისია დაღესტნის მიმართულებით, სადაც დამკვირვებელთა 4 ძირითადი საგუშაგო განალაგა.    

მსგავსი/Related

Back to top button