ახალი ამბები

სამთავრობო ცვლილებები კოლექტიური გადაწყვეტილებების შედეგად განხორციელდება

საქართველოს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ქართულ მედიაში მაშინ ხდება ყველაზე აქტუალური თემა, როცა მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ში იმყოფება და არც პარლამენტის თავმჯდომარეა საქართველოში.
 
7 დეკემბერს ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოს მთავრობაში შესაძლო საკადრო გადანაცვლებების თაობაზე 8 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურმა განცხადებამ მეტ-ნაკლებად დააცხრო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იმ სახით, როგორც ამას მედია 7-8 დეკემბერს “უადგილოდ” ავრცელებდა, არ იგეგმება.
 
მეტიც, პრეზიდენტი აცხადებს, რომ “გადაუდებელი საკადრო ცვლილებების ვერანაირ აუცილებლობას” ვერ ხედავს და დასძენს, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ქვეყანაში არ ყოფნის პირობებში მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს.
 
თუმცა პრეზიდენტი ადასტურებს მოსალოდნელ ცვლილებებს მთავრობაში, რომელიც “მუდმივ განახლებას საჭიროებს”, მაგრამ “იმ ინფორმაციის უმრავლესობა, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, ძალიან შორს არის სინამდვილისგან”, აცხადებს სააკაშვილი.  ამასთან, პრეზიდენტი ამ ეტაპზე კონკრეტულ ცვლილებებზე საუბრისაგან თავს იკავებს.
 
იმის პარალელურად, რომ პრეზიდენტთან ძალოვანი მინისტრების აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კანცელარიაში, ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მოსალოდნელი რეორგანიზაციის შედეგად შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდება, ხოლო გაერთიანებული სამინისტროს ამჟამინდელი უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.
ასევე არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის სფეროს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მოქმედი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად ან გაეროში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშება. თავად გიორგი ბარამიძემ ეს ინფორმაცია 8 დეკემბერს უარყო.
 
“ამის შესახებ შეეკითხეთ იმას, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს,” განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.
 
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც მედია ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებდა გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, იუსტიციის მინისტრად გააგრძელებს მუშაობას. იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდება.
 
ტელეკომპანია “რუსთავი 2“ იმასაც იუწყებოდა, რომ საკადრო ცვლილებები მთვარობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებსაც შეეხებოდათ. კერძოდ, საუბარი იყო ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის, სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძისა და ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის მიერ თანამდებობების შესაძლო დატოვების შესახებ.
 
“ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჟურნალიტების ჭორაობად რჩება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მედიას ვიღაც აჭორავებს,” აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წევრია.
 
შესაძლო საკადრო ცვლილებების ფონზე იმაზეც იყო საუბარი, რომ ნელ-ნელა მთავრობიდან პრემიერ-მინისტრის კადრების ჩამოცილება ხდება და ამის დასტურად გიორგი ბარამიძე დასახელდა, რომელიც ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისთავავე შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით, რაც მას ირაკლი ოქრუაშვილი ჩაენაცვლა, ბარამიძე თავდაცვის მინისტრი გახდა. სხვათა შორის, 7 დეკემბერს პრეზიდენტთან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა არცერთ შეკრებას ბარამიძე არ დასწრებია.
 
ბოლოს საკადრო ცვლილებები, რომელიც ქართულმა მედიამ “კარუსელად” მონათლა, მთავრობაში ამა წლის ივნისში დატრიალდა, როცა ძალოვანი მინისტრების უმრავლესობამ ერთმანეთს პორტფელები გაუცვალეს. 


“საქართველოში გადაადგილებებით არ ეშველება იმას, რასაც ტვინით უნდა ეშველოს,” აცხადებს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.
 

მსგავსი/Related

Back to top button