ახალი ამბები

აფხაზური კრიზისი დასრულდა, თუმცა საარჩევნო ვნებათაღელვა გრძელდება

აფხაზეთში ორთვიანი პოლიტიკური კრიზისის ყოფილმა მეტოქეებმა სერგეი ბაღაფშმა და რაულ ხაჯიმბამ 6 დეკემბერს ძალაუფლების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით მოულოდნელად დაასრულეს. ახლა აფხაზეთი განმეორებითი არჩევნების მოლოდინშია, რომელიც 13 იანვრამდე უნდა ჩატარდეს.


გაფორმებულ შეთანხმებას კრიზისის მშვიდობიანად დაძლევის საუკეთესო გამოსავლად აფასებენ ექსპერტები, თუმცა რა შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე, პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ექსპერტების აზრით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მოსკოვზე, აფხაზ ხალხზე და იმ გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც 3 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირეს.


ექსპერტები, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 6 დეკემბერს გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ “აფხაზეთში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება აფხაზი პოლიტიკოსების დამსახურებაა და არა რუსი შუამავლების”, მაინც რუსეთის ზეწოლაზე საუბრობენ. 


მოსკოვმა რომ სოხუმში მიღწეულ შეთანხმებაში აქტიური და გადამწყვეტი როლი ითამაშა, გასულ კვირას რუსი მაღალჩინოსნების [რუსეთის შს მინისტრის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, სათათბიროს დეპუტატები] დელეგაციის სოხუმში ჩასვლაც მოწმობს, რომლებიც ბაღაფშთან და ხაჯიმბასთან ერთად ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებასაც კი აწერენ ხელს.
 
“ერთის მხრივ, რუსეთმა აფხაზეთში გარკვეული პოზიციები დათმო იმით, რომ ვერ შეძლო თავისი ფავორიტი კანდიდატის ხაჯიმბას გაპრეზიდენტება, მეორეს მხრივ კი მოგებულია, რადგან პრეზიდნეტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ბაღაფშს დაანახა, რომ  რუსეთის დახმარების გარეშე დამოუკიდებლად და მხოლოდ ფართო მასების მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლო “, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.


“ეს ცუდია იმ მხრივ, რომ ბაღაფში პროაფხაზური ორიენტაციის ვეღარ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ყოველთვის შეახსენებს მას თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში”, აცხადებს ზაქარეიშვილი.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო დიალოგის“ წარმომადგენელმა გიორგი ანჩაბაძემ, რომელიც 1984 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და შესაბამისად, სოხუმის ხშირი სტუმარიცაა, “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ “ფაქტიურად, რუსეთმა მაინც შეძლო თავისთვის სასურველი შედეგით დაესრულებინა აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი”.


მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია შეთანხმებას როგორ მიიღებს ხალხი, რომელთა უმრავლესობა მხარს ოპოზიციონერ სერგეი ბაღაფშს უჭერდა. ანჩაბაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ისეთი ოპოზიციური მოძრაობები, როგორიცაა “ამცახარა“, “აიტაირა“, “ერთიანი აფხაზეთი“, რომლებმაც 3 ოქტომბრის საპრეზიდნეტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად სერგეი ბაღაფში, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად სტანისლავ ლაკობა დაასახელეს.


“საინტერესოა თავად ლაკობას განწყობა, რომელსაც ამ შეთანხმებამდე გარანტირებული ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ახლა კი…“, აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.


ამ დრომდე ღიად რჩება იმ კონკურენტის ვინაობა, ვინც ერთ გუნდში მყოფ სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას განმეორებით არჩევნებში დაუპირისპირდება.


“არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურმა მოძრაობებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ“, აცხადებს ზაქარეიშვილი.


ბაღაფშისა და ხაჯინბას გარიგებას აფხაზური საზოგადოება რომ არაეთგვაროვნად შეხვდა, ამაზე 7 დეკემბრის რუსული პრესაც მეტყველებს. გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ სოხუმში ოპოზიური შტაბის წინ შეკრებილი ამომრჩევლის განწყობა, რომლებიც ხაჯიმბასადმი ანტიპათიურად არიან განწყობილნი, არცთუ დადებითი იყო.


სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის დროს ხალხი ახსნა-განმარტებებს, გარანტიებს ითხოვდა, ასევე აინტერესებდა იმ ოპოზიციური პარტიების განწყობა, რომლებიც მხარს ბაღაფშს უჭერდნენ. შეკრებილთა ნაწილი პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას გადაყენებასაც კი მოითხოვდა.


“ჩვენ განმეორებითი არჩევნების ჩატარება დაძაბული  ვითარების განმუხტვის მიზნით გადავწყვიტეთ”, ასე ამართლებდა მიღებულ გადაწყვეტილებას სერგეი ბაღაფში მომხრეებთან შეხვედრისას. ბაღაფშის განცხადებით, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, იგი ავტომატურად ჩაატარებს ინაუგურაციას “3 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით“, რომელიც სხვათა შორის, არავის არ გაუუქმებია.


გიორგი ანჩაბაძე მიიჩნევს, რომ ბაღაფშის მომხრეების მიერ სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელი არ არის, რადგან “ხალხი ორთვიანმა კრიზისმა გადაღალა”.
 
სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას ამბიციების დასაკმაყოფილებლად ცვლილებები შევა კანონმდებლობაში, რადგანაც თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მმართველობის დროს ვიცე-პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები ჰქონდა. 


“აქამდე ამ თანამდებობაზე მყოფ პიროვნებას ხელისუფლებაში რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, ამას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა მომავალ ხელისუფლებაში ვიცე-პრეზიდენტს უფლებებს ალბათ გაუზრდიან”, აცხადებს გიორგი ანჩაბაძემ.

Back to top button