
საგადასახადო კოდექსზე პარლამენტისა და მთავრობის პოზიციები ბოლომდე შეჯერებული არ არის
პარლამენტი ახალი საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენით მიმდინარე კვირას უყრის კენჭს, თუმცა მთავრობასა და პარლამენტს შორის კვლავაც შეუთანხმებელი რჩება ქონების გადასახადისა და ავტომანქანების დაბეგვრის საკითხი.
ამას გარდა დეპუტატებში წინააღმდეგობა გამოიწვია მთავრობის ახალმა წინადადებამ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 20-დან 18%-მდე შემცირებული განაკვეთის 6 თვის შემდეგ ამოქმედების შესახებ. ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება 2005 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
“დღგ-ს ახალი განაკვეთის ამოქმედების გადავადების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, არსებობს უამრავი რესურსი, მათ შორის ბიუჯეტში ხარჯების შემცირებისა ან თუნდაც გაზრდილი აქციზური გადასახადის სახით, რითაც თავისუფლად შეიძლება იმ 30 მლნ ლარის კომპენსირება, რის მიღებასაც მთავრობა ამ გადავადებით 6 თვის განმავლობაში გეგმავს”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტეის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 8 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი), გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.
პარლამენტმა საგადსახადო კოდექსი პირველი მოსმენით 28 ოქტომბერს მიიღო, რასაც წინ ხანგრძლივი განხილვები უძღვოდა.