ახალი ამბები

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ნიკო ორველაშვილთან

ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოადგინა ახალი ინიციატივები – ახალი საგადასახადო კოდექსი, ფინანსური ამნისტია, ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია. სახეზეა ბიუჯეტის თითქმის ნახევარმილიარდიანი ზრდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პროფიციტური ბიუჯეტი. ამას გარდა, მთავრობა აქტიურად ცდილობს უცხოელი ინვესტორების დარწმუნებას, რომ მათ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიოციო გარემო და მიმზიდველი ბიზნესკლიმატი დახვდებათ.
 
“ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული ხელისუფლების ერთწლიანი მოღვაწეობის შეფასება ამჯერად “სივილ ჯორჯიამ” ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს სთხოვა. თუმცა მისი შეფასებები საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებების საპირისპირო და კრიტიკულია. ორველაშვილის აზრით, ეს ერთი წელი “შესაძლებლობების ხელიდან გაშვების პერიოდია”. 
 
ეკონომიკაში შექმნილი ვითარების შეფასებამდე, როგორია ის ზოგადი ტენდენციები, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში შეინიშნება?
 
ერთი წლის წინ საერთაშორისო გადასახედიდან საქართველოს მიმართ იყო საყოველთაო კონსენსუსი, რომ ეს არის არშემდგარი სახელმწიფო. სახელმწიფო იმდენად უძლური იყო, რომ როდესაც მასზე შეტევა იქნა მიტანილი არც პოლიციას, არც უშიშროებას და არც ჯარს მისი დაცვის სურვილი უბრალოდ არ გასჩენია. შესამაბისად მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
 
არსებითად რევოლუციის აქტი ჩვენთვის პირველ რიგში იყო განშორება იმ წარსულთან, რომელიც არ გვინდოდა და მეორე, ეს იყო ახალი იმედების და შანსების გაჩენა.
 
საზოგადოების იმედები იყო ძალიან დიდი, თუმცა შესაძლებლობები შეზღუდული. მოვიდა ახალგაზრდა ხელისუფლება, რომელსაც ნაკლებად ჰქონდა მართვის გამოცდილება და კიდევ უფრო ნაკლებად ნდობა სხვა ჯგუფების მიმართ. სამწუხარო ვექტორი გამოიკვეთა ახალი ხელისუფლების აზროვნებაში, რომ ჩემი ახლობელი რაგინდ უვიციც არ უნდა იყოს ის, მაინც ყველას სჯობია.
 
პრაქტიკულად არ დაწყებულა მუშაობა სახელმწიფოს გრძელვადიან და სტრატეგიულ პროგრამებზე, იმიტომ, რომ კადრებიც არ იყო და ვერც ხვდებოდნენ ამის საჭიროებას. თუმცა კარგად ხვდებოდნენ, რომ მოპოვებულ ხელისუფლებას შენარჩუნება სჭირდებოდა და ამიტომაც დაიწყო ამისკენ კონცენტრაცია.
 
კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებს მოარგეს, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის შენიშვნებისა. ერთი პირის ხელში ამხელა ძალაუფლების კონცენტრაცია, სასამართლო ხელისუფლების პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელვა, საკანონმდებლო ხელისუფლების უაღრესად დაკნინება არ შეიძლება. ძლიერი სახელმწიფო აქვთ იქ, სადაც ხელისუფლების სამივე შტო მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად მუშაობს. ჩვენთან კი პირიქით მოხდა, აღმასრულებელი ვერტიკალი არის აღმატებული და რასაც უნდა იმას აკათებს – სასამართლო და პარლამენტი მათ ხელშია. დათხოვნის მუდმივი შიშის ქვეშ მყოფი პარლამენტი კი კრიტიკული ვერ იქნება.
 
როცა სახელმწიფოში ცუდად აწყობილ სისტემას, რომელსაც არ ცდილობ, რომ კარგად ააწყო, კიდევ ცუდად მართავ, რა შედეგებს უნდა ელოდე?
 
მეორეს მხრივ გაიზარდა ხელფასები და პენსიები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 3 ლარის მომატებას? თუ ვინმე მარჩენალი არ გყავს 14 ლარითაც და 28 ლარითაც შიმშილით მოკვდები. ამ მხრივ საჭიროა ძალიან სერიოზული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა და ძირეული რეფორმის გატარება. ამაზე ფიქრის ნაცვლად კი 3 ლარის მომატების გამო ხელისუფლება თვითკმაყოფილებას არის მიცემული.
 
დაჭერები და ფულის წართმევები გამჭვირვალედ და კანონის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს. ამ გზით წელს ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი შევიდა. ეს ციფრიც სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რადგან არსად არ ქვეყნდება ასეთი მონაცემები.  მაგრამ ეს მთავარი არ არის, ამან გააჩინა ორმაგი პრობლემა. აქ მომუშავე ინვესტორებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს რას უშვებიან მათ კოლეგებს, დაიწყეს თავიანთი ბიზნესების მინიმიზაცია და ზოგი საერთოდ წავიდა.
 
მოქალაქეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იმედებით იკვებება. პიარი კარგი რამაა, მაგრამ შიშველი პიარი ცუდად შემოგვიბრუნდება მომავალში. რეალურად პიარის სახელმწიფო ვართ.  
 
რა მდგომარეობაა ეკონომიკაში?
 
სრულიად არასერიოზული დამოკიდებულებაა ეკონომიკისადმი. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ჯერ კიდევ ორი კვირა არ იყო რევოლუციიდან გასული, რომ ექსპერტების ნაშრომი, ნაფიქრი სისტემურად გააზრებული და ერთი წლის განმავლობაში კალენდარულად გაწერილი ღონისძიებები მივართვით ახალ ხელისუფლებას, რათა დრო არ დაკარგულიყო.  მაგრამ ყველა გამოეხმაურა ამ ინიციატივას დონორები, ბიზნესმენები და ა.შ, გარდა მთავრობისა.
 
სხვათა შორის, ძველი ხელისუფლების მიერ ძლივს შესრულებული სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამა, რომელიც საფუძვლიანად მოიწონა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა, ამ ხელისუფლებამ თაროზე შემოდო. მოტივი ის იყო, რომ ეს პროექტი მოძველდა, თუმცა მისი განახლების სურვილიც როგორც ჩანს, არ გასჩენიათ. არადა ამ პროგრამაში ჩამოყალიბებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროგრამა.  
 
გამყარებული ლარი იძულებითი შედეგია და პრევენციაა იმის, რომ არ გვქონდეს შემდეგ დასუსტებული ლარი. ლარის გამყარება გამოწვეული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით ან წარმოების მატებით. ეს არის იძულებითი მანიპულირებადი ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან. როცა ქვეყანაში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა არ არის ერთმანეთთან კავშირში, როცა სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო, რაც ხაზს ვუსვამ, რომ საერთოდ არ არის მისი საქმე, როცა ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მის სფეროში რაც ხდება მხოლოდ მისი ექსკლუზიური საქმეა და სხვას არ ეხება, ამის შემდეგ მაკროეკომომიკურ სტაბილურობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
 
ფაქტია, რომ ბიუჯეტის შესრულების და გადასახადების აგროვების პრობლემა ქვეყანაში აღარ დგას. ეს არ არის ამ ხელისუფლების დამსახურება?
 
რეალურად რა ხდება მე არ ვიცი, რადგანაც ციფრები არ ქვეყნდება და გამჭვირვალეობის დეფიციტია. ერთი წლის წინ გაცილების ხელმისწვდომი იყო ყოველდღიური ანგარიშგება – ხაზინის ყოველდღიური შემოსავლები და ხარჯები, ვიდრე დღეს. ბიუჯეტი თუ შესრულდა, ეს მოხდა არა საფინანსო ორგანოების კარგი მუშაობით, არამედ დაჭერების ხარჯზე.
 
ხელისუფლება რომ აცხადებდა აგვისტოში, რომ თანხებს ვერ ხარჯავდა და პენსიებს და ხელფასებს ვერ არიგებდა იმ მოტივით, რომ გაზრდილი შემოსავლები ბიუჯეტში არ იყო ასახული, მაშინ ამას გაცილებით უფრო ღრმა მიზეზები ჰქონდა. რადგან, როცა ფინანსთა სამინისტროს რეალურად რამის ასახვა სურს ბიუჯეტში, ორი საათიც საკმარისია იმისთვის, რომ კანონპროექტი დაწეროს და პარლამენტში კანონიზაცია მოახდინოს.
 
თუ ბიუჯეტი შესრულდა, მაშინ რატომ გვაქვს 1,6 მილიარდი ლარი შიდა ვალი, საგარეო ვალზე, რომ არაფერი ვთქვათ. არსად არ ჩანს უცხოური დახმარებები რამდენია, სად იხარჯება. ნურავინ ნუ მიეცემა იმ ილუზიას, რომ რადგან 16-17 ივნისს ბრიუსელში დაგვპირდნენ, რომ მილიარდ ევროს გვაძლევენ, ეს თანხა უკვე ჯიბეში გვაქვს.
 
დახმარებები ხორციელდება ნაწილ-ნაწილ, ტრანშებად და აუცილებელი წინაპირობებით. მაგრამ თუ ყველეფერი ისე გაგრძელდა, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვით, კანონისადმი ზერელე მოპყრობით, ეს ყველაფერი დონორთა საზოგადოებაში გამოიწვევს იმედგაცრუებას, გაღიზიანებას და მათ დემარშს.
 
ეკონომიკა არ არის მხოლოდ ბიუჯეტი და ბიუჯეტში ერთბაშად ამოღებული თანხა. როცა ეკონომიკურ სიჯანსაღეზე ლაპარაკობენ ერთბაშად 5-6 მაჩვენებელს მაინც უკეთებენ ანალიზს. აქედან, ერთ-ერთი მაინც თუ ამოვადნილია, იქ სიჯანსაღეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დღეს კი მარტო უმუშევრობის მაჩვენებელი რომ განვიხილოთ, ეკონომიკის “აღმავლობაზე” მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგვექმნება.
 
ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ინიციატივაა საყოველთაო პრივატიზაციის გამოცხადება. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
 
თუ ადრე გაკეთებულის ლეგალიზებაზეა ლაპარაკი, ამას პრივატიზაცია ანუ სახელმწიფო ქონების განკერძოება არ ჰქვია. ეს ობიექტები დიდი ხანია კერძო სექტორის ხელშია. სახელმწიფო დიდი ხანია მათ აღარ მოიხმარს.
 
ეს პროცესიც პიარის ნაწილია, იწყება რაღაც ძალიან პომპეზურად, მაგრამ მერე არ მთავრდება ან თუ მთავრდება ისეთი უმნიშვნელო შედეგებით, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. რა გაიყიდა დღემდე? “თბილავიამშენი” და აჭარაში წვრილი ობიექტები, რაც უმნიშვნელოა.
 
2005 წლიდან ქვეყანაში ახალი საგადასახადო სისტემის ამოქმედება იგეგმება. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ეკონომიკურ აქტივობას?
 
პრეზიდენტს უკვე რამოდენიმეჯერ დააძახებინეს, რომ აი იმ თვეში გვექნება საგადასახადო კოდექსი, მაგრამ დღემდე არაფერი არ გაკეთებულა.
 
აპრილში ჟვანიამ გამოსცა განკარგულება 18-კაციანი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც 16 დღეში ახალი საგადასხადო კოდექსის მომზადება დაავალა. ვისაც წარმოდგენა აქვს რა არის საგადასახადო კოდექსი, მისთვის წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა ამ სფეროს რეფორმის მიმართ.
 
კოდექსის ძირითადი პრინციპი არ იცვლება ანუ ინერციით გრძელდება საგადასახადო მოხელის აღმატებული დამოკიდებულება გადამხდელის მიმართ.
 
ის, რომ დღგ-ს 2% დააკლეს, ეს მეათასედი ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც ახალ პროექტში არსებობს. ძირითადი პრობლემა კი არის ის, რომ არ არის  პატიოსანი ურთიერთობა და სიმერტიული ვალდებულებები სახელმწიფოსა და გადამხდელს შორის. 
 
ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ ფიქრობთ, გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო?
 
როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა ფეხქვეშაა გათელილი, სასამართლო კი მორჩილია, საინვესტიციო გარემო მიმზიდველი ვერ იქნება. ამიტომ, თუ ეს არ მოწესრიგდა ჟვანიას, რომელიც ხან ლონდონში და მოსკოვში არწმუნებს ბიზნესმენებს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა, არაფერი გამოუვა. როცა საინვესტიციო გარემო კარგია, ეს თავისით ჩანს ხოლმე.
 
ასეთ ვითარებაში კი ინვესტიციებს კი არ მოვიზიდავთ, არამედ პირიქით მათაც გავუქრობთ საქმიანობის სურვილს, ვინც უკვე მოღვაწეობს საქართველოში.
 
რას ფიქრობთ ე.წ ფინანსურ ამნისტიაზე და თუ შეუწყობს ეს ხელს ეკონომიკური აქტივობის ზრდას?
 
ეს იყო აუცილებელი, ერთჯერადი ხანმოკლე აქტი იმისთვის, რომ ბიზნესმენების ნდობა დაბრუნებულიყო. ამნისტიაზე ამდენი გაუთავბელი ლაპარაკი არ შეიძლება.
 
თუ ადამიანს რაღაცას პატიობ, ეს მალევე უნდა გააკეთო და თან არ უნდა დაამადლო. მეორეც, რა პასუხს აძლევ იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების მანძილზე პატიოსნად იხდიდა გადასახადებს. ასეთ კატეგორიას რაც უფრო მეტად შეახსენებ ამნისტიას, უკმაყოფილების გრძნობა მით უფრო გაუმძაფრდება.
 
ამნისტია უნდა იყოს უცაბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათშიც კი ვისაც ეს ამნისტია უშუალოდ ეხება, უარყოფით ემოციებს აღძრავს.
 
ზოგადად რა განწყობაა დღეს ბიზნესში?
 
ბიზნესმენს პირველ რიგში სჭირდება მისი საკუთრებისა და მისი ინვესტიციების დაცვის გარანტია, რასაც იძლევა კანონი და რისი დაცვის მექანიზმიც სასამართლოა. დღეს კი ამ კუთხით რა ვითარებაც შეიქმნა, ამაზე უკვე ვისაუბრე. ამიტომ ბიზნესმენს ყველანაირი გარანტია დაკარგული აქვს.
 
ის ბიზნესი, რომელიც ავად თუ კარგად მუშაობდა, ვიღაცას ასაქმებდა, რაღაც ნაწილი შექონდა ბიუჯეტშიც, პასიური გახდა ან საერთოდ გაჩერდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბიუჯეტიდან გამოსული თანხა ბიზნესში აღარ ხვდება და პირდაპირ სამომხმარებლო ბაზარზე მიდის. ეს კი ინფლაციის საფრთხეს წარმოშობს.
 
სად არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი [ბიძინა] ივანიშვილი? როცა ივანიშვილი საქართველოდან მიდის, ამ დროს ნებისმიერ ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორს ეჭვები უჩნდება.
 
დღეს ბიზნესი იმის მოლოდინშია, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს გაიცნობიერებს, რომ შიშველი პიარის გარდა საქმის კეთება და პრობლემების მოგვარებაა საჭირო, რომელიც გაცილებით ღრმა და სერიოზულია, ვიდრე ეს არის წარმოჩინებული.
 
სამწუხადროდ, დღეს არაფერი კეთდება ქვეყანაში საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. მსხვილი ბიზნესი კი დაშინებულია.
 
მწარე რეალობა იქნება ის დიდი იმედგაცრუება, რაც ბოლოს გამომჟღავნდება. მარგამ მე ძალიან არ მინდა, რომ ამ ხელისუფლებას ხელი მოეცაროს, რადგან ხელისუფლების მარცხი იქნება ამ ქვეყნისთვის მარცხი მეათე ხარისხში.
 
 

მსგავსი/Related

Back to top button