ახალი ამბები

ცხინვალი დემილიტარიზაციას მიესალმება, თუმცა სიფრთხილეს იჩენს

16 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქართულ სოფელ თამარაშენის მახლობლად არსებული სანგრები გაუქმდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესის ფარგლებში, რასაც 5 ნოემბერს სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიესალმება თამარაშენში სანგრების გაუქმებას, რაც დე ფაქტო ხელისუფლების პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია დაფიქსირებული. ამავდროულად, სამხრეთ ოსური მხარე შიშობს,  „ეს [ხომ]არ არის საერთაშორისო საზოგადოებაზე გამიზნული საქართველოს ხელისუფლების დადგმული მორიგი შოუ“. 

ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ სანგრების გაუქმებასთან ერთად, ქართული მხარე დამატებით ჯარებს აგზავნის კონფლიქტის ზონაში.


თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ პროტესტი გამოხატა რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში იარაღის კვლავ შემოდინებასთან დაკავშირებით.    


“მიუხედავად დემილიტარიზაციის პროცესისა, კვლავ ხდება სამხრეთ ოსეთის იარაღით მომარაგება”, განუცხადა მან ჟურნალისტებს 16 ნოემბერს.


ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასიევმა 16 ნოემბერს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ოსური მხარე მზად არის კონფლიქტის ზონიდან საკუთარი შენაერთები გაიყვანოს.
 
“ზაფხულში გართულებული ვითარების შემდეგ ცხინვალის სიახლოვეს 500 სამხედრო განთავსდა. ჩვენ მზად ვართ სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდარავას წინადადება გავითვალისწინოთ და აღნიშნული შენაერთები ჯავის რაიონში გადავიყვანოთ”, განაცხადა იბრაგიმ გასიევმა.

მსგავსი/Related

Back to top button