ახალი ამბები

ინტერვიუ დეპუტატ დავით ზურაბიშვილთან

“სივილ ჯორჯია” აგრძელებს ინტერვიუთა სერიას, რომელიც “ვარდების რევოლუციის” ერთი წლის იუბილეს მოახლოებას უკავშირდება. ამჯერად, “სივილ ჯორჯია” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დეპუტატ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან, კერძოდ კი “თავისუფლების ინსტიტუტიდან”, სწორედ “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოვიდა.


მისი თქმით, მრავალ  მიღწევასთან ერთად, რომელიც ახალ ხელისუფლებას ამ ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდა, ასევე არის “ჩავარდნებიც”, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითა და ეკონომიკის სექტორში არსებული კრიზისის სახით. იგი ასევე განათლების იმ რეფორმაზე საუბრობს, რომელმაც დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში.


რა შეიცვალა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის მანძილზე?


შემიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკო იმაზე, თუ რა მოგვიტანა “ვარდების რევოლუციამ”. შეიძლება მოინახოს ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა შეიძლება ჩამოთვალოს ამ ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და შექმნას ისეთი სურათი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, მაგრამ ასეთივე წარმატებით მეორე ადამიანი ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს. ორივე მათგანი აბსოლუტურად მართალი იქნება.


უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აჭარის პრობლემის გადაწყვეტა, რომლითაც ასლან აბაშიძის ფაქტიურად სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც თავის კანონებით ცხოვრობდა, ჩამოსცილდა ხელისუფლებას. დღეს აჭარის ავტონომია მთლიანად არის ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში.


მეორე დადებითი ტენდენციაა ბიუჯეტის გაზრდა, რაც აშკარად სახეზეა – იმატა შემოსავლებმა და ხარჯებმა. ასევე კონტრაბანდის შეზღუდვა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კონტრაბანდა მთლიანად მოისპო, მაგრამ ისე აღარ არის, როგორც იყო.


პროგრესია ასევე პენსიების და ხელფასების დროულად გაცემაში. ასევე სერიოზული ნაბიჯია საპატრულო პოლიციის შექმნა და იმ საგზაო ინსტიტუტის  გაუქმება, რომელიც კორუფციის წყაროს წარმოადგენდა.


ასევე, წარმატებულად განვითარდა საერთაშორისო ურთიერთობები აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ნატოს პროგრამაში საქართველოს უფრო აქტიურად ჩაერთო და ა.შ.


სერიოზული წინსვლაა არმიის მშენებლობის თვალსაზრისითაც. ზუსტად ერთი წლის წინ, რევოლუციის დღეებში, ქართულ არმიას სამი დღის ტყვია-წამალი ჰქონდა დარჩენილი, დღეს კი არმია შეუდარებლად ძლიერია შეიარაღების, ანაზღაურების და თუნდაც საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების კუთხით.


მიღწევებია საკანონმდებლო მუშაობის თვალსაზრისით, მივიღეთ კანონი “სიტყვის თავისუფლების” შესახებ, რომელიც განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს მედიას. რაც არ უნდა დაწეროს ჟურნალისტმა, ამაზე სამართლებრივად ვერავინ ვერ აგებინებს პასუხს. ვხუმრობდი კიდეც, რომ ეს არის კანონი ცილიწამების თავისუფლებაზე.


ეს ყველაფერი კი არ არის ცოტა ერთი წლისთვის, მაგრამ არის მინუსებიც, რომელიც გარკვეულწილად წინა ხელისუფლების შეცდომების გაგრძელებაა და რომლის დაძლევას ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რიგ შემთხვევებში კი უარესი მიმართულებითაც კი წავიდა.


გამოვყოფდი ძირითადად ორ სფეროს  – ადამიანის უფლებათა დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას, სადაც აშკარა პრობლემები დგას.


ბიუჯეტთან და კონტრაბანდასთან დაკავშირებული წარმატებების პარალელურად სახეზეა დაშინებული ბიზნესი და საქმიანი აქტივობის შემცირება. შედეგად ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძალიან გაძვირდა ცხოვრება, ყველაფერს ორჯერ მეტი ფასი ადევს. ჩვენ კი გვაქვს ციფრებში ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს უფრო არის დაფარული გადასახადების გამოჩენის ხარჯზე, რეალურად კი ძალიან მძიმე ეკონომიკურ ვარდნასთან გვაქვს საქმე.


ამიტომ ხალხი უკმაყოფილოა.  საქმის დაწყების არანაირი პირობა არ არის შექმნილი. თუ მოინდომე ბიზნესის დაწყება, ისევ დაგესევიან ჩინოვნიკები და ა.შ. გარდა ამისა არის დასაქმების პრობლემაც.


ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ერთიანი სტრატეგიული გეგმა. ხშირად გადაწყვეტილებები სპონტანურად მიიღება და შემდეგ ხდება გააზრება, რამდენად მართებული იყო. ასევე ხორციელდება გაუმართლებელი საკადრო გადაწყვეტილებები. 40 წელს გადაცილებული თუ ხარ, ადამიანად არავინ გთვლის და სხვა უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც ნელ-ნელა უარყოფით ტენდენციებს ამკვიდრებს.


ამას გარდა, ხალხი აღშფოთებულია იმითაც, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკების დაჭერის პარალელურად ხელისუფლება ასევე კორუმპირებული რეპუტაციის მქონე ადამიანებთან “მეგომბრობს”. არადა, მართლაც ასეა. 


თუ შევაჯამებთ მიღწეულ პროგრესსა და ასევე, რეგრესს, შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო ჩიხიდან გამოსვლა. მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობა არის რთული. ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ სტაბილურობის პირობებში.


რითია გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რამაც დამკვირვებელთა თქმით, მასიური ხასიათი მიიღო?


სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღიარება, რომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ასევე მოღვაწეობდა პოლიტიკაში შევარდნაძის მმართველობის დროს, ამ მხრივ აგრძელებს ძველი თამაშის წესებით მოქმედებას. ძველის ინერცია არის საკმაოდ ძლიერი. მენტალიტეტის შეცვლა არის ძალიან რთული, დღეს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გაშუქდება ესა თუ ის ფაქტი, ვიდრე იმას, თუ რეალურად რა კეთდება.


ადამიანის უფლებათა დარღვევა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში, მართლმსაჯულებაში, უბრალო ადამიანის დაცულობაში, მდგომარეობა საპატიმროებში, პოლიციის მიერ ე.წ “ჩაგდებები” და ა.შ. მართლაც კომიკური სიტუაცია შეიქმნა ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფილი სარდლის დაჭერის დროს, როცა ის ოფიციალურად იარაღის უკანონო შენახვის გამო დააკავეს და შემდეგ ჯაშუშობა დააბრალეს.


კორუმპირებულის რეპუტაციის მქონე ადამიანებს ისეთი საბაბით იჭერენ, რომ მისი დაკავების რეალურ მიზეზთან ეს არაფერ შუაშია. მერე კი მათთვის ფულის წართმევა ხდება, რაც პრაქტიკულად რეკეტის ფორმას იძენს.


სასამართლოები გადაიქცნენ პროკურატურის ნოტარიუსებად ანუ რასაც პროკურატურა ითხოვს იმას ურტყამენ მხოლოდ ბეჭედს. ეს ყველაფერი კი იგივე საერთაშორისო პრესტიჟის თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს.


კანონი არის პროცედურები, რისი დაცვას ჩვენ ხელისუფლებას, ვაღიარებ, რომ უჭირს. აუცილებელია, რომ ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. უნდა გააქტიურდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რათა რამენაირად ადამიანის უფლებათა დაღვევების შეკავება მოხდეს.


პოსტრევოლუციურ საქართველოში კონსტუქციული ოპოზიციის არსებობის პრობლემა დადგა. როგორ ფიქრობთ რა უშლის ხელს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას?


რევოლუციის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს იმ პოლიტიკური სპექტრის პოლიტიკიდან ჩამოცილება, რომელიც ერთი წლის წინ ქვეყანაში ყველაფერს განსაზღვრავდა. მაგრამ მეორეს მხრივ, დადგა ახალი პრობლემა. პარტიული ცხოვრება პრაქტიკულად მოკვდა საქართველოში, ოპოზიცია არ გვყავს და არის ფაქტიურად ერთპარტიული სისტემა. თუმცა ეს რევოლუციებისათვის დამახასიათებელი ნიშანია.


გარდა ამისა ძალიან სუსტია ოპოზიციური განწყობა არასამთვარობოს სექტორშიც. ძნელია, რომ გუშინდელ თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში ვართ, მკვეთრად დაუპირისპირდე. არადა საკრიტიკო დღევანდელ ხელისუფლებას მართლაც ბევრი აქვს. ამ შემთხვევაში პიროვნული ფაქტორები ძალიან დიდ როლს თამაშობს, რაც იწვევს იმას, რომ ობიექტურობის ხარისხი ძალიან დაბალია.


ამიტომ საჭიროა ახალი ხალხის გამოჩენა, რომელიც ამ ურთიერთობებით არ არიან შებოჭილები, რასაც დრო სჭირდება. მინიმუმ ერთი წელი იქნება საჭირო, რომ პოსტრევოლუციურ პერიოდში წარმოქნილი ვაკუუმი, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კვლავ შეავსონ.


ხელისუფლება ვერ იქნება იმ დონეზე იდეალურად დემოკრატი, რომ ხელოვნური ჩარევით გააჩინოს ოპოზიცია და აიძულოს ვინმე მის მიმართ კრიტიკული იყოს.


თუმცა ოპოზიციური აზრის განვითარებას აფერხებს მედია, რომლის ხელისუფლების მიმართ ლოიალობაზეც სულ უფრო ბევრს საუბრობენ?


მართლაც, ძალიან მძიმე სიტუაციაა დღეს მედიაში, განსაკუთრებით კი ტელევიზიებში. მაგრამ ესეც ხომ ძველის მემკვირდეობაა. გახსოვთ, რუთავის 2-ში, რომ შევიდა უშიშროება, შეიძლება იქ მართლაც იყო ფინანსური დარღვევები, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მედია ხომ რეალურად თავისუფალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს არ ჩანდა იმიტომ, რომ მაშინ ხელისუფლება იყო სუსტი. დღეს კი გამოჩნდა.


ჩვენთან ტელევიზიების მაპატრონეები მდიდარი ადამიანები არიან, რომელთა ფინანსების წარმოშობა გაურკვეველია. ამიტომ მათ თავზე ყოველთვის ჰკიდია დამოკლეს მახვილი. ისინი მუდმივად იმყოფებიან პროკურატურის “ზარის” მოლოდინში.


სანამ საქართველოში მასმედიის მფლობელები ოლიგარქები არიან, როგორი იდეალური ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ყოველთვის გამოიყენებს ამ ბერკეტს.


საჭიროა, რომ მედიამ თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და არავის მისცეს სიტყვის თავისუფლების შეზრუდვის ნება.


ახალი ხელისუფლების ერთ–ერთი ინიციატივა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, განათლების სფეროში რეფორმების გატარებაა. რაში მდგომარეობს ამ რეფორმის არსი?


დღეს მოქმედი განათლების სისტემა არის საბჭოთა სისტემის ნანგრევები, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. მთელი ათის წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ამიტომ საჭიროა ამ სფეროში სიახლის დანერგვა. როგორი ქვეყანა გვექნება ხვალ დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ განათლებას მიიღებენ და რა მენტალიტეტი ჩამოუყალიბდებათ  ჩვენ ახალგაზრდებს.


ამისთვის საჭიროა სასკოლო და უმაღლეს განათლებაში ფუნდამენტალური რეფორმების გატარება.


ელემენტარულად ჩვენთან არსებული სამეცნიერო წოდებების დასავლური სტანდარტების არაადექვატურია, რასაც შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. ბევრი შეიძლება ამან გააღიზიანოს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია.


მაგრამ უმაღლესი განათლების ახალ კონცეფციაში არის მთელი რიგი მუხლები, რომელიც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად, უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვა. ასევე განათლების რეფორმის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება განათლების სამინისტროსა და თავად მინისტრის ზოგიერთმა განცხადებამაც განაპირობა.  ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ მეტი კორექტულობა მართებთ.


ნელ-ნელა დაგროვდა უკმაყოფილება, როგორც აღვნიშნე, ზოგი სამართლიანი და ზოგიც უსამართლო და უმაღლესი სასწავლებლები კინაღამ კონტრრევოლუციის ბუდედ გადაიქცა. არ შეიძლება განათლების რეფორმის პოლიტიზირება.


ელემენტარულად საჭიროა ხალხთან საქმიანი დიალოგი, ახსნა-განმარტება და მათი შენიშნვების გათვალისწინება. ჩემი აზრით, რეფორმა უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს ზოგად განათლებას, რადგან სწორედ ამ პერიოდში უყალიბდება ადამიანს მენტალიტეტი, რომლის შეცვლაც შემდეგ ძალიან რთულია. ძალიან მიზანმიმართულად უნდა განხორციელდეს ახალი პროგრამების, ახალი სახელმძღვანელოების, ახალი მეთოდიკის დანერგვა, იგივე მასწავლებელთა გადამზადება, ხოლო ვინც გადამზადებას არ ექვემდებარება მათი როტაცია და ა.შ.


რაც შეეხება, უმაღლეს განათლებას, ჩვენ მათ უნდა შემოვუხაზოთ ძალიან ზოგადი ჩარჩოები, დანარჩენი კი მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს.


იმის ილუზია, რომ უმტკივნეულოდ მოხდება რეფორმის განხორციელება არავის არ აქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ცვლილებებისას რისკი დაბალი იყოს. ამას დასჭირდება წლები და ეტაპობრივი განხორციელება.

მსგავსი/Related

Back to top button