ახალი ამბები

აფხაზეთში კრიზისის გაღრმავებასთან ერთად ძალადობის ალბათობაც მატულობს

მაშინ როცა აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის შენობებს კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს, სახელისუფლებო ძალები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. თბილისი ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი მიმდინარე მოვლენებში, თუმცა აფრთხილებს მოსკოვს თავი შეიკავოს აფხაზეთის კრიზისში ჩარევისგან. რუსეთი შიშობს, რომ არეულობა აფხაზეთში შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებსაც მოედოს.
 
მოჩვენებითი მყუდროება სოხუმში მაშინ დაირღვა, როდესაც 14 ნოემბერს უცნობი შეიარაღებული ჯგუფი ადგილობრივ პოლიციას დაესხა თავს და ის პიროვნება გაიტაცა, რომელსაც სამართალდამცავები 12 ნოემბრის არეულობის დროს გარდაცვლილი ქალბატონის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით კითხავდნენ . ამ დღეს ოპოზიციამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის შენობები აიღო.
 
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ და რუსული ტელეკომპანია НТВ იუწყებოდნენ, რომ შენობებში შეჭრის დროს სროლების ხმა ისმოდა, თუმცა მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.
 
78 წლის ენათმეცნიერი, პროფესორი თამარ შაკრილი, რომელიც სოხუმში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, საავადმყოფოში 12 ნოემბერს ტყვიისგან მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შაკრილი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერდა მხარს, ოპოზიციის მიერ მთავრობის შენობის შტურმის დროს ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.
 
აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მკვლელობასთან და მთავრობის შენობების აღებასთან დაკავშირებით.
 
ამავდროულად, ოპოზიცია სერგეი ბაღაფშის ხელმძღვანელობით კვლავ აკონტროლებს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის შენობებს სოხუმში.
 
რუსეთის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომელიც ასახავდა სამხედრო ფორმებში ჩაცმული ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობების ცარიელი დერეფნების პატრულირების პროცესს.
 
ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ კრიზისი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და მზადყოფნა გამოხატა ახალ მთავრობაში თავის ოპონენტს რაულ ხაჯიმბას, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს, თანამდებობა შესთავაზოს.
 
თბილისი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ფრთხილად ადევნებს თვალს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ოპოზიცია “ძალაუფლების ძალისმიერ მეთოდებით ხელში ჩაგდებაში“ დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ მოსკოვი “შესაბამის ზომებს მიიღებს [აფხაზეთში] სიტუაციის არაკონონიერი გზით განვითარების შემთხვევაში“.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი გამოიძახა და გადასცა ნოტა, სადაც საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს რუსული სამშვიდობო ძალების დანაყოფების სოხუმში გადაყვანის ფაქტს.  
 
რუსული სამშვიდობო ძალები, რომლებიც  კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედებენ, აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არიან განლაგებულნი.
 
“რუსეთის მხარის ეს ქმედება მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ და წარმოადგენს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას”, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 13 ნოემბრის განცხადებაში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 13 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის უხეში დარღვევით, გალის რაიონში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკის მიერ უსაფრთხოების ზონის დატოვება და სოხუმის მიმართულებით გადაადგილება “დაადასტურეს გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმაც”.
 
“რუსი სამშვიდობოების განმარტებით აღნიშნული გადაადგილება განხორციელდა სოხუმის ერთ-ერთ სანატორიუმში განლაგებული სამშვიდობოების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქართული მხარე წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ამ გადაადგილების შესახებ”, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია НТВ-სთან ინტერვიუში 14 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სწრაფი გადაწყვეტის გზებს ეძებს.
 
კითხვაზე ცნობს თუ არა მოსკოვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად, ლავროვმა უპასუხა, “რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
 
“საქართველოს მიერ კონფლიქტების დარეგულირებისათვის კონკრეტული ვადების დაწესება შეუძლებელთან ერთად უსარგებლოცაა. ქართულ-ოსური, ისევე როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტები არსებული მექანიზმების ჩარჩოებში უნდა გადაწყდეს”, დასძინა ლავროვმა.
 
საქართველოს ელჩმა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა 13 ნოემბერს “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ მოსკოვი ნამდვილად შეშფოთებულია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო.


“მოსკოვი შიშობს, რომ არეულობა აფხაზეთში შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებსაც მოედოს“, განაცხადა საქართველოს ელჩმა.

მსგავსი/Related

Back to top button