ახალი ამბები

რუსეთი თვითგამოცხადებული აფხაზეთის საქმეებში ჩარევას გეგმავს

რუსეთმა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას, 12 ნოემბერს ნათლად აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში ჩაერევა, თუ აფხაზეთში მის ინტერესებს საფრთხე დაემუქრება.   
 
თბილისმა მკაცრი განცხადებით უპასუხა მოსკოვს და დაგმო მისი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა.
 
რუსეთმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა 12 ნოემბერს სოხუმში მთავრობის შენობა დაიკავეს. მოგვიანებით, საავადმყოფოში ხანშიშესული ქალი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ვითარება რეგიონში მშვიდია, თუმცა მთავრობის შენობებს კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს.
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში “სახელმწიფო გადატრიალებაში“ დაადანაშაულა.
 
თუმცა, ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს. ბაღაფშის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამთავრობო დაცვამ “სულელური“ გადაწყვეტილება მიიღო და “გაუმართლებელი” ცეცხლი  გახსნა, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
 
ამავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა მიუხედავად მთავრობის შენობიდან მათი განდევნისა მუშაობას განაგრძობს.
 
ნოდარ ხაშბამ აღნიშნული თანამდებობა აფხაზეთში ჩატარებული 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა. ამ თანამდებობამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მსახურობდა.
 
სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, სოხუმის ფილარმონიაში შეკრებილ თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ რთული იქნება ბაღაფშთან დიალოგის გამართვა მოვლენათა ამ სახით განვითარების შემდეგ, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.
 
აფხაზეთის კრიზისმა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვა უკვე გამოიწვია.  ქართულმა მხარემ უკვე მრავალჯერ დასდო ბრალი რუსეთს თვითგამოცხადებული აფხაზეთის საქმეებში ჩარევაში. თბილისი ამ ფაქტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ ღამეს სპეციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია, რათა პასუხი გაეცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით იმავე დღეს გაკეთებული განცხადებისთვის.           
 
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის ამ განზრახვას და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სუვერენული მეზობელი ქვეყნის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებში ჩარევისგან“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებსა და მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, ცალსახად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაგან“, დასძინა მან.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს “ძალაუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების მცდელობა“ უწოდა.
 
მოსკოვმა, რომელიც სახელისუფლებლო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე ბაღაფშს და მის მხარდამჭერებს დააკისრა.    
 
“თუ სიტუაცია აფხაზეთში კანონის დარღვევით განვითარდება, რუსული მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს აფხაზეთში თავისი ინტერესების დასაცავად“, დასძინა იაკოვენკომ.


 

მსგავსი/Related

Back to top button