ახალი ამბები

პარლამენტი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულ საარჩევნო ადმინისტრაციებზე იმსჯელებს

დღეს პარლამენტი განიხილავს იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებებს “საარჩევნო კოდექსში”, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
 
პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) შვიდი,  საოლქო საარჩევნო კომისია –  ხუთი და  საუბნო საარჩევნო კომისია ცხრა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის მქონე წევრით დაკომპლექტდება. ცსკ-ის თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი, დანარჩენ ექვს ვაკანსიაზე კი კონკურსი ცხადდება, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი 12-დან 18-მდე კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს, რომელთგანაც ექვს წევრს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
 
ცსკ-ო საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს დანიშნავს, ხოლო საოლქო კომისიები კი თავის მხრივ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს დანიშნავენ.
 
მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე იმოქმედებს შერეული დაკომპლექტების პრინციპი, სადაც პროფესიულთან ერთად პარტიებსაც ექნებათ თავიანთი წევრების დანიშვნის უფლება.
 
პარლამენტში არსებულმა ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შემოთავაზებული ვარიანტი დაიწუნა და მისი დახვეწის მიზნით კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.
 
“ნაჩქარევად ისეთი წესის მიღება, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალს ფაქტიურად ხელისუფლება ნიშნავს, აბსოლუტურად მიუღებელია”, განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა.
 
“მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლებმა, რომელთაც თავიანთი ალტერნატიული ვარიანტი აქვთ, ასევე მოითხოვეს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების განხილვის გადადება და მისი დახვეწა. წინააღმდეგ შემთხვევაში “მივიღებთ ერთპარტიულ ადმინისტრაციებს, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს დაუკარგავს”, განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.
 
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ის საკითხთაგანი იყო, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა და რასაც შედეგად “ვარდების რევოლუცია” მოჰყვა.


 

მსგავსი/Related

Back to top button